კაროლინ კარლსონის ქორეოგრაფიული ისტორიები

კაროლინ კარლსონი (1943) წარმოშობით ფინელი, თანამედროვე ამერიკელი მოცეკვავე და ქორეოგრაფია, რომლის სახელსაც აისედორა დუნკანისა და პინა ბაუშის გვერდით მოიხსენიებენ. თუმცა, პირველისგან, თავისუფალი ცეკვის დამაარსებლისგან განსხვავებით, კარლსონის სოლო ნომრებს სხვადასხვა ქვეყნის მოცეკვავეები დღემდე ასრულებენ. მას საავტორო დასი არ ჩამოუყალიბებია და არც რომელიმე ერთ კომპანიაზე ყოფილა მიჯაჭვული, რითაც არც გერმანული “ცეკვის თეატრის” დამფუძნებელ, ბაუშს ჰგავს. ამის მიუხედავად, კარლსონის, როგორც ქორეოგრაფის გავლენა თანამედროვეებზე ძალიან დიდია. მან სხეულით ფიქრი და საუბარი  ბევრს ასწავლა. 

ამ მასშტაბის ქორეოგრაფის ორი წარმოდგენის ნახვის შესაძლებლობა ქართველ მაყურებელს 8 აპრილს მიეცა. რუსთაველის თეატრისა და ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში კაროლინ კარლსონის მიერ რუბეს ეროვნული ქორეოგრაფიული ცენტრის თანამედროვე ცეკვის დასის სამ შემსრულებელთან განხორციელებული ორი დადგმა: “ლი” (2007) და “მანდალა” (2010) შემოგვთავაზეს. ორივე მათგანი შესულია “მოკლე ისტორიების სერიაში”, სადაც ცნობილი ამერიკელის ათზე მეტი დადგმა ერთიანდება. 
 
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
ტინაცუ კოსაკატანი და იუტაკა ნაკატა
მხოლოდ ორი დადგმის მაგალითზე კარლსონის შემოქმედებითი შესაძლებლობების მრავალფეროვნებაზე საუბარი რთულია. თუმცა, ჩვენთვის შემოთავაზებულ ნიმუშებშიც მისი ხელწერა და თავისუფალი სხეულით აზროვნების მასშტაბი მშვენივრად წარმოჩინდა. 
 
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
სარა ორსელი
კაროლინ კარლსონის “ლი” და “მანდალა” საგასტროლოდ არაერთ ქვეყანაში ჩაუტანიათ. მისი “მოკლე ისტორიების სერიაზე” ბევრჯერ დაიწერა. ერთ-ერთი გამოცემა აღნიშნავს: “კარლსონის “ლი” გაჯერებულია ფლუიდურობის ესთეტიკით. ორივე მოცეკვავის ენერგია ერთიმეორეში გადადის, იქმნება წონასწორობა ინსა და იანს შორის − სიბნელესა და სინათლეს, საომარი ორთაბრძოლების ხელოვნებასა და ძენის განჭვრეტილობას შორის. აქ ერთი უსიტყვოდ ხდება მეორე... ამას მოსდევს სოლო, სახელწოდებით “მანდალა”, რომელიც დერვიშების რიტუალურ ბრუნვას მოგაგონებთ. ის მაყურებელს თავისი პულსირებული ენერგიით ნუსხავს და გარდაუვალი და მოუხელთებელი სილამაზის შეგრძნებას ბადებს. მასში ცხოვრება ენცო-ს კალიგრაფიულ-საკრალური სიმბოლოს ფორმას იღებს, რომელიც ერთდროულად სამყაროსაც განასახიერებს და სრულყოფილ მხატვრულ ჟესტსაც, რაც მხოლოდ სულიერი თავისუფლების პირობებში მიიღწევა”. 
 
ქორეოგრაფიისა და ფრანგული ცენტრის შემსრულებლების ოსტატობის გარდა, აღსანიშნავია მუსიკა (განსაკუთრებით ალექსი ობრი-კარლსონის), რომელმაც კარლსონთან “ლის” განხორციელებისას იმუშავა. დადგმაში ტინაცუ კოსაკატანი და იუტაკა ნაკატა მონაწილეობდნენ. “მანდალას” მუსიკა მიქაელ გორდონს ეკუთვნოდა, სარა ორსელი − ცეკვავდა. სამწუხაროდ, მათი ხელოვნება მაყურებლის მცირე ნაწილმა ნახა, რადგან მსოფლიო მასშტაბის ქორეოგრაფის დადგმების ჩამოტანას, აშკარა იყო, რომ სათანადო პიარ-კამპანია აკლდა. 

კომენტარები