რესტორანი აჭარა სასტუმრო HOLLIDAY INN

 

თბილისი 0171 უბანი: საბურთალო ტელ: 300 099 სამზარეულო: შერეული საათები: ყოველდღე, 09:00 - 23:00 (საუზმე, სადილი, ვახშამი) ბარათები: მიიღება ნებისმიერი ბარათი ფასი: 120ლ (სადილი ორ ადამიანზე, ღვინისა და სერვისის ჩათვლით) პარკინგი: საკუთარი, სასტუმროს წინ ახლად გახსნილი სასტუმროს – Holliday Inn-ის რესტორანი წინამორბედი სასტუმროს – აჭარას სახელს ატარებს. შესაძლოა ამიტომაც არის, რომ რესტორნის უხვად განათებულ, მიმზიდველ სივრცეს ქოთნებში ჩარგული ფორთოხლის მსხმოიარე ხეები ამშვენებს. კედლები აღმოსავლური ტექსტილის მონოქრომული, ორიგინალური შპალერით არის გაწყობილი. ქუჩის მხარეს გამავალი კედლები მთლიანად შუშისაა, რაც დღის განმავლობაში ბუნებრივი სინათლის წყაროა. საღამოს, ხელოვნური განათება  შავი მავთულებით ერთმანეთში გადახლართული უამრავი ნათურიდან იფანტება – ფილიპ სტარკის „ახალი დიზაინის” ცოტა არ იყოს გადატვირთული ვერსია. რესტორნის სივრცე დაყოფილია ტექნიკური გრანიტის დანომრილი მუქი ნაცრისფერი კოლონებით (პოსტმოდერნი საბურთალოზეც იკიდებს ფეხს). ახალსკანდინავიური ეკოდიზაინის ელემენტები სასიამოვნოდ ეკლექტურ საერთო განწყობას ქმნის. სასტუმროს რეკონსტრუქცია და ახალ ბრენდად ჩამოყალიბება მთლიანად ქართული ინვესტიციით განხორციელდა: დიზაინისთვის ინვესტორებმა ახალგაზრდა ქართული კომპანია Rooms დაიქირავეს.  

ყველა ტურისტმა იცის, რომ Holliday Inn-ის რესტორნიდან მაინცდამაინც ბევრს არ უნდა მოელოდეს. როგორც წესი, ამ პოპულარული ქსელის სასტუმროები ეკონომიურ მოგზაურზეა გათვლილი და კულინარიაც, შესაბამისად, სტანდარტული ხარისხით განისაზღვრება. თუმცა, რესტორან აჭარას მოკლე და ლაკონური მენიუდან განსაკუთრებული შემოქმედებითი მიდგომა, კერძების მრავალფეროვნება და ეკლექტურობა იგრძნობა. ევროპული, აზიური და ქართული კერძების მონაცვლეობით შედგენილი მენიუ, მოწვეული მზარეულის, თომას მიულერის  ნახელავია. მენიუდან ნათლად ჩანს, რომ შეფ-მზარეულს არც საკუთარი აზიური წარმომავლობა ავიწყდება და არც ევროპაში მიღებული ხანგრძლივი გამოცდილება. ამ ყველაფერს მრავალფეროვნებისთვის რამდენიმე ქართული კერძიც ემატება. 

კრევეტის სუპი – Flavors of Siam (13.50ლ.) კარგად გამოყვანილი ზღვის პროდუქტის consommé – ბულიონი, ფრანგული ტრადიციის საუკეთესო დაცვით მოაქვთ ცალკე, გამჭვირვალე ჩაიდანში. ეს ზომიერად პიკანტური აზიური წვნიანი მშვენიერი დასაწყისია. ქათმის და ნუშის სალათიც (12.60ლ.) თავის კვალობაზე გემრიელია, თუმცა ასეთი საინტერესო მენიუს ღირსებას მაიონეზით გაწყობილი „ქართული” სალათი აშკარად აკნინებს. ამ შემთხვევაში დაწყება იტალიური კერძებით სჯობს: მოცარელიანი პომიდვრით (24.60) ან კრევეტით რუკოლას სალათით (17.90).
 
ძირითადი კერძებიდან ძალიან გემრიელი გამოდგა ქათამი სოკოთი (26.90ლ.), ღუმელში შემწვარი ქათმის ფილე – სრულყოფილი ტენიანობით და სოკოს სოუსით. განსაკუთრებული აღმოჩნდა კრევეტითა და სტეიკით კომბინირებული კერძი – მიწა და ცა (35.90ლ.). ძალიან გემრიელი, კარგად დავარგებული იშვიათი სტეიკით და კრევეტით – გარნირად მედიტერანული mille feuille –  ფენოვანი ბოსტნეულით. 
 
Crème brûlée-მ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ვერ გეტყვით Holiday Inn-ის სხვა რომელი სასტუმრო შემოგთავაზებთ ასეთი მაღალი დონის დესერტს: მდიდრული კრემი, მადისაღმძვრელად მომწვარი უთხელესი ზედაპირით – თან, ერთი ულუფა კრემ ბრულე სამ არომატულ ვარიანტს შეიცავს.
 
სერვისი უნაკლო, უაღრესად პროფესიონალური: გახსნილი ღვინის ბოთლის საცობს მაგიდაზე გიტოვებენ, საკუთარ კერძებსა და მენიუს კარგად იცნობენ, ყურადღებას ზომიერად გაქცევენ (ანუ არ გაწუხებენ) და ანგარიშიც დროულად მოაქვთ. თურმე ასეთი სერვისიც არის საქართველოში, რაც ჩემთვის დიდი სიახლე – იშვიათი აღმოჩენაც იყო. თავად ეწვიეთ და განსაჯეთ. რესტორანი აჭარა, ვახშამის გარდა, საუზმესა და სადილსაც გთავაზობთ. 

კომენტარები