ვინ არის მაია?
ადამიანი, რომლისთვისაც დრო უსაშველოდ ნელა გადის და თითქმის ბავშვობიდან მოყოლებული აქვს განცდა, რომ უხსოვარი დროიდან არსებობს.
როგორია ოჯახის დედობა, სადაც ოთხი შვილი იზრდება და ორი “საბა” ინახება?
ყოველდღე ვიღებ ხოლმე მტვერს ამ ორი ვერცხლისფერი ფრთიდან, როცა პიანინოს დასუფთავების ჯერი დგება. ამ ორ “საბას” შორის რომ ბავშვების ფოტოა, მტვრის ტილოს ვერ ვადებ რატომღაც და მტვერი რომ მოვაცილო, სულს ვუბერავ ხოლმე. აი ეს არის.
რა არის თქვენი პირადი სამოთხე?
ამ ეტაპზე ჩემი პირადი სამოთხე ძილია. ღრმა და უსიზმრო ძილი.
სად და როდის იწერება ლექსი?
ლექსი იწერება აბაზანაში, საბნის ქვეშ, კარადაში, თუნდაც ლიფტის საგანგებოდ გაჭედილ კაბინაში – ანუ ყველგან, სადაც ვერავინ დამინახავს, რომ ვწერ.
რისი გეშინიათ?
მეშინია მკვდრების. ვერაფრით ვხვდები, რა სჭირთ ამ დროს ადამიანებს. თეორიულად თითქოს ხომ ვიცი რაღაცები, მაგრამ ეს ვერ მშველის.
თქვენი ცხოვრების ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება?
ჩემი ჩვიდმეტი წლის მეზობლის გოგო რომ მეშვიდე სართულიდან გადმოხტა, მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ დეტალურად მახსოვს ყოველი წვრილმანი. იქვე მიყრილი მისი ოთახის ჩუსტებიც – უზარმაზარი რეზინის გვირილებით.
რას დაიბრუნებდით წარსულიდან?
არ დავიბრუნებდი არც ერთ დღეს და წამს, მხოლოდ ყველა სათამაშოს, რომელიც კი ოდესმე მქონია.
რომელი მხატვრული პერსონაჟი იქნებოდით?
ვიქნებოდი გაცოცხლებული რძე მეტერლინკის “ლურჯი ფრინველიდან”.
ნატა, ხატია, ანასტასია, დიტო...
ამ ოთხზე ბევრი მაქვს ნათქვამი. მეხუთეზე ვიტყვი: ერთხელ ტესტმა აჩვენა, რომ ორსულად ვიყავი. მერე ეს ექოსკოპიამ უარყო და მე მაინც დღემდე ვინახავ ამ ტესტს – წითელი ზოლით, როგორც სახსოვარს ჩემი უჩინარი მეხუთე შვილისგან.
რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
კითხვები არ მაქვს. მხოლოდ თხოვნა: ნუ ეთამაშები სამართებლებსა და თოკებს. დანარჩენს გეტყვი ცალკე.




