იაგუარ B99 — ბერტონესეული ოთხკარიანი კუპე

ჟენევის გამოფენაზე, ბერტონეს მიერ წარმოდგენილ ამ კონცეპტუალურ ავტომობილზე ბევრი ამბობდა, რომ მისი სახით, იაგუარის მომავალი X-ტაიპი ვიხილეთ. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ინგლისური კომპანია თავისი ყველაზე პატარა ავტომობილის ამ სახით განახლებას არ აპირებს. მეტიც, მისმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა – იქნებ ცოტა ხნით, X-ტაიპი ყველამ დაივიწყოთო.

ერთი რამ კი ფაქტია – კონცეპტუალურმა იაგუარ B99-მა, რომელიც იტალიურ სადიზაინერო სტუდია ბერტონეს მიერაა შემუშავებული, ჟურნალისტების, სპეციალისტებისა და დამთვალიერებლების დიდი ინტერესი გამოიწვია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბერტონემ ის საკუთარი დაარსებიდან 99 წლის იუბილეს მიუძღვნა. მეორეც, ამ ავტომობილით, იტალიური ატელიე იმ ტენდენციისთვის შეწინააღმდეგებას ცდილობს, რომელიც ბაზრის შედარებით ახალ, ოთხკარიანი კუპეების სეგმენტში ჩამოყალიბდა. ეს ტენდენცია კი ამ ტიპის ავტომობილების უკან დახრილ სახურავში აისახება.

იაგუარ B99-ს ტიპური სედანისთვის დამახასიათებელი, ჰორიზონტალური სახურავი აქვს. კუპეს იერს კი მას ორივე უკანა კარის მომცრო (წინას ნახევარი სიგრძის) ზომები ანიჭებს. ამის მიუხედავად, უკანა სავარძლებზე მოხვედრა მაინც ადვილია, რადგან ავტომობილს არ აქვს შუა საყრდენი და ამასთან, წინა და უკანა კარი ერთმანეთის საპირისპიროდ იღება. კართა ასეთი კონსტრუქცია სერიულ წარმოებაში მხოლოდ როლს როისს აქვს დანერგილი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგივეს იაგუარიც არ გააკეთებს.
 
მოკლედ, იაგუარ B99-ის სახით, ჟენევაში ოთხკარიანი კუპეს საინტერესო ვერსია ვიხილეთ. ალბათ საინტერესოა მისი გაბარიტებიც: სიგრძე 4.5 მეტრი, სიგანე 1.95  მეტრი და სიმაღლე 1.35 მეტრი. ამ ზომებით, ის D სეგმენტს შეესაბამება. სწორედ ამიტომ წარმოიშვა ვარაუდი, რომ ეს კონცეპტქარი მომავალი X-ტაიპია.
 
კონცეპტუალური ავტომობილი გაზრდილი სვლის სიშორის ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც ბერტონე ენერჯის მიერაა შემუშავებული. ამ სისტემაში შედის ორი ელექტროძრავი, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 201 ცხენის ძალაა. ორივე ძრავა უკანაა მოთავსებული. სვლის სიშორეს კი ბენზინზე მომუშავე 1.4-ლიტრიანი ძრავა უზრუნველყოფს, რომლის სიმძლავრეც 168 ცხენის ძალაა. ამ აგრეგატის დახმარებით, ავტომობილის სვლის სიშორე 700 კილომეტრს აღწევს (მხოლოდ ელექტროძრავებით, მანძილი 100 კილომეტრამდე მცირდება), რაც ამჟამად ბაზარზე არსებული მსგავსი ტიპის შევროლე ვოლტის სვლის სიშორეზე გაცილებით მეტია. თანაც, ყოველი კილომეტრის გავლისას, ის გარემოს მხოლოდ 30 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.

კომენტარები