ციმბირის მოსახლეობის უმრავლესობამ ეროვნების გრაფაში “რუსის” ნაცვლად “ციმბირელი” მიუთითა

რუსეთში 2010 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგებმა აჩვენა, რომ რუსეთში ახალი ეროვნება - “ციმბირელი” ჩამოყალიბდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის სტატისტიკის სამსახურის უფროსმა, ალექსანდრე სურინოვმა განუცხადა. მისი თქმით ეროვნების გრაფაში ციმბირის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ “რუსის” ნაცვლად “ციმბირელი” მიუთითა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, მრეწველობის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილემ,  ვალერი დრაგანოვმა, აღწერის პირველი შედეგების გამოქვეყნებისთანავე სათათბიროში ახალი ნაციონალური პოლიტიკის შემუშავებისAსაკითხი დააყენა.

ირკუტსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიათმცოდნეობისა და პოლიტოლოგიის ლექტორმა, ვიაჩესლავ პუშკარევმა განმარტა, რომ ციმბირის მოსახლეობის 30-35 პროცენტს შეადგენენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ მომავალს რუსეთს არ უკავშირებენ. მისი თქმით, ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში ჯერჯერობით დომინანტ ეთნოსად რუსეთიდან ჩამოსული ან გადმოსახლებული რუსების შთამომავლები - ველიკორუსები რჩებიან. თუმცა, პუშკარევის განცხადებით, მათი ავტორიტეტიც სწრაფი ტემპით ეცემა. “ მეორე ადგილზე კი ციმბირელები არიან,” აღნიშნა მან.

რუსი ლექტორის თქმით, ციმბირელებსა და იქ მცხოვრებ პატარა ერებს გეოგრაფია, ასევე ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ათვისების და დაპყრობის საერთო  ისტორია აერთიანებთ. პუშაკრევის თქმით, ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის თვითგამორკვევა გრძელდება. “ძალიან მალე ციმბირელების ნაციონალობის საკითხი  ანთროპოლოგიურ და პოლიტიკურ ფაქტად იქცევა აქედან გამომდინარე ყველა შედეგით, რუსეთის ფედერაციისგან ციმბირისა და  შორეული Aაღმოსავლეთის გამოყოფის ჩათვლით,” აცხადებს პუშკარევი.

ციმბირის პოლიტიკური უფლებებისთვის აქტიური ბრძოლა 2010 წელს ციმბირელმა ბლოგერებმა ახალ ეტაპზე გადაიყვანეს.  მოსახლეობის აღწერის დაწყებამდე მათ ხალხს მოუწოდეს  ეროვნების გრაფაში  “ციმბირელი” ჩაწერათ. ინტერნეტში დაწყებულმა აქციამ - “ჩვენ ციმბირელები ჩვენი უფლებებისთვის”, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას განუმარტავდნენ, რომ ციმბირელის ნაციონალობის  გამოჩენა იქ მცხოვრებ მოქალაქეებს  დამატებით პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს  მოუტანდა, ძალიან ფართო გამოხმაურება ჰპოვა და საბოლოოდ, როგორც ამბობენ, ამ აქციამ გარკვეულწილად განაპირობა კიდეც მოსახლეობის აღწერის შედეგები.

კომენტარები