სასტუმროთა ქსელ ჰილტონის ქართველი სახე

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სასტუმროთა ქსელმა ჰილტონმა, ახალი სარეკლამო რგოლები გადაიღო, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დატრიალდება. ამჯერად ჰილტონის სახე ქართველი მოდელი და მსახიობი - თათული ბართაია აღმოჩნდა.

შესარჩევი კონკურსი ჰილტონის წარმომადგენლებმა სამ ეტაპად ჩაატარეს და მასში მონაწილეობა უამრავმა მონაწილემ მიიღო. ჟიურის წევრებში შედიოდნენ როგორც სასტუმროს წარმომადგენლები, აგრეთვე რეჟისორები, ფოტოგრაფები და პროდიუსერები.  

თავდაპირველად შეირჩა გოგონების ათეული, შემდეგ ხუთეული, ხოლო საუკეთესო სამეულის გამარჯვებული სწორედ 25 წლის თათული ბართაია გახდა, რომელიც ოჯახთან ერთად სიდნეიში ცხოვრობს.

ჟურნალი ტაბულა თათულის სიდნეიში დაუკავშირდა და გაესაუბრა.

ფოტო: ავტორი ავტორიშვილი
თათული ბართაია
თათული ბართაია: გავიარე კონკურსის სამი ტური. პირველ ტურზე ფოტოები გადაგვიღეს, მეორე ეტაპი იყო გასაუბრება, ხოლო მესამე ტურზე პატარა ეტიუდების გაკეთება დაგვავალეს. ერთ თვეში კი დამირეკეს და მითხრეს, რომ ჰილტონის სახე გავხდი.
ამის შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც რეჟისორმა ტროი ჰაუსმა განაცხადა, რომ ახალი სარეკლამო რგოლები მაისის ბოლოს გამოვა. ბილბორდები და ფოტოები კი აეროპორტებსა და სხვადასხვა გამოცემებში განთავსდება.

სარეკლამო რგოლები ოკეანეში გადავიღეთ, რეჟისორი სწორედ ტროი ჰაუსია, ხოლო პარტნიორობას მსახიობი ჯოუ დანი მიწევს, რომელიც საგანგებოდ იყო მოწვეული.

სარეკლამო რგოლებში მონაწილეობა ადრეც მიმიღია, კერძოდ - სპორტულ ბრენდ პუმასთან ვთანამშრომლობდი, რომლის დევიზიც იყო Follow the Puma. სარეკლამო ფოტოები მთელი სიდნეის მასშტაბით იყო გამოკრული.
ვფიქრობ, რომ პუმა იყო უბრალოდ შემთხვევა, ხოლო ჰილტონი არის ჩემი გამარჯვება.

ვთანამშრომლობ სამოდელო სააგენტო MCTV-სთან, მაქვს წარმატებული ფოტოსესიები.

ახლა იგეგმება გადაღებები მელბურნში, ბრიზბნეში, ადელაიდაში და ბალიზე.

ვსწავლობ ნაიდაში, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოსა და თეატრის უნივერსიტეტი. წელს ჩავაბარე კინოსამსახიობო ფაკულტეტზე და პარალელურად გავდივარ ტელეჟურნალისტიკის კურსებს.

ძალიან მენატრება საქართველო და სადაც საშუალება მაქვს, ყველგან მასზე ვსაუბრობ, მინდა ავსტრალიელებს გავაცნო ჩვენი ქვეყნის ისტორია, კულტურა და ტრადიციები.

 

კომენტარები