ბაღაფში: ერთი კვადრატული მეტრი მიწის დათმობასაც არ ვაპირებთ

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, სერგეი ბაღაფშმა გაგრის რაიონის სოფელ აიბგასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თურქეთში მცხოვრებმა აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრისას  ამ საკითხზე შეშფოთება გამოთქვეს. აფხაზური მედიის  მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსული მხარე გაგრის რაიონის 160 კვადრატული კილომეტრის  მონაკვეთის რუსეთისთვის გადაცემას ითხოვს.

დე ფაქტო პრეზიდენტმა მოსახლეობის შეშფოთება მედიის მიერ ”არასწორი” ინფორმაციის გავრცელებას დააბრალა. ”მე ჩვენს დიასპორას პირდაპირ ვუთხარი, რომ  საუბარი იმის შესახებ, თითქოს ბაღაფშმა აფხაზეთი გაყიდა და სოფელი აიბგა [რუსეთს] გადასცა, საფუძველს მოკლებულია. მე მოვუწოდე მათ არ აყვნენ ამ თემაზე გავრცელებულ სისულელეებს,” ციტირებს საინფორმაციო სააგენტო აფსნიპრესი ბაღაფშს.

 აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის თქმით, მიმდინარეობს დელიმიტაცია-დემარკაციის ”ნორმალური” პროცესი. ”არავინ პირებს ვინმესთვის თუნდაც  ერთი კვადრატული მეტრი მიწის დათმობას,” აღნიშნა დე ფაქტო ლიდერმა.

გაგრის რაიონის სოფელი აიბგა რუსეთის საზღვართან, ზამთრის კურორტ კრასნაია პოლიანასთან ახლოს მდებარეობს. რუსეთის ეს სათხილამურო კურორტი 2014 წელს სოჭის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. 

კომენტარები