მესიმ რონალდოს გადაასწრო

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/mesi.png##fbimage#
ბარსელონას არგენტინელმა თავდამსხმელმა ლეო მესიმ მორიგი რეკორდი დაამყარა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში კლუბმა მისი ერთადერთი გოლით სძლია დონეცკის შახტარს - ეს ლეოს 48-ე გოლი იყო სეზონში, ასეთი რამ კი ბარსელონას ისტორიაში არ მომხდარა.
  
შახტარის კარში გატანილ გოლამდე მესი საკლუბო რეკორდის თანაავტორი იყო ბრაზილიელ რონალდოსთან ერთად: ფენომენმა 47 გოლი 1996-97 წლების სეზონში შეაგდო, მესიმ კი წლეულს და შარშანდელ სეზონში.

ახლა არგენტინელი პირველია და დიდი შანსია, სეზონის ბოლომდე რეკორდი კვლავ გააუმჯობესოს: ბარსელონას ესპანეთის თასის ფინალი ელის, პრიმერადივიზიონის ბოლო ტურები და ჩემპიონთა ლიგაში მინიმუმ ორი მატჩი - ნახევარფინალები.

რეკორდზე ვერაფერს ვიტყვი, ციფრებს დიდ ყურადღებას არასდროს ვაქცევდი, მაგრამ ალბათ, უჩემოდაც ყველაფერი ნათელია - ის ფენომენია! ბედნიერი ვარ, რომ ლეო ჩემს გუნდში თამაშობს, - განაცხადა ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

მესის 48 გოლიდან 29 პრიმერადივიზიონზე მოდის - ის ბომბარდირთა ლიდერია, 7 გოლი თასის გათამაშებაში გაიტანა - ამ მხრივ კვლავ პირველია, 3 გოლი აგვისტოში, ესპანეთის სუპერთასზე შეაგდო, 9 კი ჩემპიონთა ლიგაში - აქაც ბომბარდირია.

საერთო ჯამში, 2004 წლიდან მოყოლებული, როცა მისი დებიუტი შედგა ბარსელონაში, მან 260 ოფიციალურ შეხვედრაში 175 გოლი გაიტანა.

კომენტარები