საქართველოს მოსახლეობის პრიორიტეტები

საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და ტერიტორიული მთლიანობაა. პირველ 2 საკითხთან დაკავშირებით, მათ პოლიტიკოსებისგან მეტის მოსმენა სურთ. მათი აზრით, უახლოეს თვეებში ყველაზე მნიშვნელოვანი, განათლების, საგადასახადო და საარჩევნო რეფორმების გატარება იქნებოდა. 60% თვლის, რომ ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს. 44%-ის აზრით, საქართველოში დემოკრატია არ არის. 

ამ და მსგავს საკითხებზე კვლევის შედეგები ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 6 აპრილს წარმოადგინა. კვლევა მიმდინარე წლის
მარტის პირველ ნახევარში საქართველოს მასშტაბით ჩატარდა.  
 
თუ უმუშევრობა, გასული წლის ბოლოდან, სტაბილურად ინარჩუნებს აქტუალურობას, თვალშისაცემადაა მომატებული ინფლაციის საკითხის მნიშვნელობა. მაგალითად, გასული წლის აპრილში ეს პრობლემა 16%-სთვის იყო არსებითი, ახლა კი მაჩვენებელი 39%-ია. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კი 47%-დან (2010 წლის აპრილი) 38%-მდე ჩამოვიდა. აღსანიშნავია რუსეთთან ურთიერთობის საკითხის მნიშვნელობის კლებაც. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის 23-დან 10%-მდე დავიდა. 
 
საინტერესო ვითარებაა სამუშაო ადგილების თვალსაზრისით. გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ დაუსაქმებელია. კვლევის მიხედვით, 27% დასაქმებულია, 31% უმუშევარია და  სამსახურს ეძებს (მათ შორის მუშაობის მოსურნე პენსიონერები). 5% უმუშევარია, სურს სამსახური, მაგრამ არ ეძებს მას (მათ შორის პენსიონერები). 36% კი პასიური შრომითი რესურსია – ადამიანები, რომლებიც არ არიან დაინტერესებული სამსახურით – დიასახლისების, პენსიონერებისა და სტუდენტების ჩათვლით. 
 
სხვებთან შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხები, გამოკითხულთათვის ამჯერად კორუფცია, სიტყვის თავისუფლება, ევროკავშირში გაწევრიანება და მედიის დამოუკიდებლობა გამოდგა. ამავდროულად, 46% თვლის, რომ კორუფციის თვალსაზრისით ვითარება 2008 წლის შემდგომ გაუმჯობესებულია, 8%-ის აზრით კი – გაუარესებული. საკითხისადმი ნაკლები მნიშვნელობის მინიჭება, სწორედ ამით შეიძლება აიხსნას. 
 
თუ უმუშევრობა, გასული წლის ბოლოდან, სტაბილურად ინარჩუნებს აქტუალურობას, თვალშისაცემადაა მომატებული ინფლაციის საკითხის მნიშვნელობა.
მეორე მხრივ, საინტერესოა, რომ მედიის დამოუკიდებლობა, მხოლოდ ერთი პროცენტისთვისაა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, სიტყვის თავისუფლება კი სამისთვის. ეს მაშინ, როდესაც სიტყვისა და მედიის თავისუფლება, გამოკითხულთა 48%-სთვის დემოკრატიას ნიშნავს. შეკითხვაზე, რას ნიშნავს თქვენთვის დემოკრატია – სიტყვისა და მედიის თავისუფლების შემდეგ ყველაზე პოპულარული პასუხებია „თავისუფლება” და „კანონის წინაშე თანასწორობა/სამართლიანობა”.
 
39% თვლის, რომ ქვეყანა დემოკრატიულია. საპირისპირო მოსაზრება 44%-ს აქვს. ამ თვალსაზრისით ვითარება შეცვლილია. 2010 წლის ივლისში საქართველოს, 33%  დემოკრატიულ, 46% კი არადემოკრატიულ ქვეყნად მიიჩნევდა. 
 
რაც შეეხება იმას, თუ როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა – საერთო ჯამში, 35% თვლის, რომ საქართველო „ნამდვილად” ან „ძირითადად”
სწორი მიმართულებით მიდის. 37%-სთვის არაფერი იცვლება, 19%-სთვის ეს გზა არასწორია. დანარჩენს კითხვაზე პასუხი არ აქვს. 
 
აღსანიშნავია, რომ 2010 წლის ივლისში 42% თვლიდა, რომ ქვეყანა ძირითადად სწორი მიმართულებით მიდიოდა, რისი მაჩვენებელიც ახლა 18%-მდეა ჩამოსული. 17% კი (შედარებით 2010 წლის 9%-იან მაჩვენებელთან) მიიჩნევს, რომ მიმართულება „ნამდვილად” სწორია. სამაგიეროდ, 2010 წლის ივლისთან შედარებით, 15-დან 37%-მდეა გაზრდილი იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, ვინც თვლის, რომ საქმე სტაგნაციასთან გვაქვს. 
 
კვლევა საზოგადოებრივ აზრს სხვა მიმდინარე საკითხებზეც გვაცნობს – მაგალითად – ელექტროენერგიის და სასურსათო ვაუჩერებზე. მათი დარიგება უმრავლესობისთვის მოსაწონი ნაბიჯია. ინგლისურენოვანი პედაგოგების პროგრამას 37% პროცენტი არ უჭერს მხარს (მხარდამჭერი 43%-ია), მათი უმრავლესობა მიზეზად პროგრამაზე გაწეულ დანახარჯებს ასახელებს. 
 
კვლევაში მოსაზრებები საგარეო პოლიტიკურ საკითხებზეცაა მოცემული. მოიმატა NATO-ში გაწევრიანების სრულმა მხარდაჭერამ (56%). ბოლო გამოკითხვებთან შედარებით ეს საუკეთესო მაჩვენებელია, მათ შორის 2008 წელთან, როდესაც სრული მხარდაჭერა 51% იყო. მთლიანობაში, გაწევრიანებას 71% უჭერს მხარს. თუმცა, უმეტესობას არ აქვს პასუხი, თუ როდის შეიძლება ელოდოს ამას. უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის თხოვნას დასავლეთისადმი – გაზარდოს ქვეყნის სამხედრო თავდაცვისუნარიანობა.
 
რაც შეეხება ხელისუფლების ამჟამინდელ პოლიტიკას რუსეთისადმი – მისაღებად 38% აფასებს. 49% კი მიუღებლად მიიჩნევს. ამავდროულად, გამოკითხულთა 71% თვლის, რომ კრემლის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის. 
 
პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდებას, რუსეთთან არსობრივი დიალოგის გამართვაზე, 74% უჭერს მხარს. 56% რუსულენოვანი პირველი კავკასიურის მაუწყებლობის დაწყებას იწონებს. 
 
კიდევ ერთი საკითხი მედიას შეეხება. კითხვაზე, თუ საიდან იღებენ ინფორმაციას პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ – 89%-სთვის პირველი არჩევანი ტელევიზიაა, მას 4%-ით ინტერნეტი მოსდევს, შემდეგ მეზობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები და მხოლოდ ამის შემდეგ – პრესა და რადიო. 

კომენტარები