ჰიბრიდული სუპერქარი 645 ათას ევროდ

პორშემ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ თავის ჰიბრიდულ სუპერავტომობილ 918 სპაიდერზე შეკვეთების მიღებას იწყებს. ეს ავტომობილი, რომლის კონცეპტუალური ვერსიაც პირველად ცუფენჰაუზენელებმა შარშან, ჟენევის ავტოშოუზე გვიჩვენეს, 645 ათასი ევრო (დაახლოებით 845 ათასი დოლარი) ღირს.

918 სპაიდერის წარმოება 2013 წლის 18 სექტემბერს დაიწყება. პირველი კლიენტები სასურველ ავტომობილს ნოემბერში მიიღებენ. პორშეს მხოლოდ 918 ცალი ჰიბრიდული სუპერავტომობილის წარმოება აქვს გადაწყვეტილი. ამასთან, მათ, ვინც 918 სპაიდერზე შეძენის ოფიციალურ განაცხადს შეიტანს, 911 ტურბო S სერის-ის სპეციალური ვერსიის ყიდვის უფლება მიეცემა. ამ უკანასკნელს გერმანული კომპანია ძალიან შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებს და მხოლოდ გამორჩეულ კლიენტებს მიჰყიდის.

ამ ავტომობილს სახელად სპაიდერი კი ჰქვია, თუმცა მას მოსახსნელი მყარი სახურავი აქვს. მოხსნისას ის ორ ნაწილად იშლება და წინა საბარგულში თავსდება. კონცეპტუალური ვერსიისგან განსხვავებით, სერიულ მოდელს გამოსაბოლქვი მილები გვერდებზე კი არა, ჩვეულ ადგილას – უკანა ბამპერის ქვეშ ექნება. გარდა ამისა, 918 სპაიდერი უკანა ხედვის გარე სარკეებითაც აღიჭურვება.
 
რაც შეეხება ჰიბრიდულ სისტემას, ის შიდაწვის ძრავისა და ორი ელექტროძრავისგან შედგება. პირველის მუშა მოცულობა 4.0 ლიტრია, არქიტექტურა V8, სიმძლავრე კი, მინიმუმ (ასე წერია პორშეს რელიზში) 500 ცხენის ძალა იქნება. ხოლო ელექტროძრავები წინა და უკანა ღერძებს ემსახურება და მათი ჯამური სიმძლავრე 218 ცხენის ძალაა. ელექტროძრავებს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომელსაც გაგრილების თხევადი სისტემა ემსახურება. შიდაწვის ძრავთან კი, ორდისკოიანი ქუროთი, 7-საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული.
 
მთელი ამ ავლადიდებით, ჰიბრიდული 918 სპაიდერი ნულიდან ასამდე სიჩქარეს 3.1 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 318 კმ/სთ-ია. მხოლოდ ელექტროძრავების მეშვეობით, ავტომობილს მაქსიმუმ 25 კილომეტრის გავლა შეუძლია და ამ შემთხვევაში, მისი მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 150 კმ/სთ-ს აღწევს. საწვავის ხარჯი ას კილომეტრზე, სულ რაღაც, 3.1 ლიტრია, ატმოსფეროში კი ყოველი კილომეტრის გავლისას, მხოლოდ 70 გრამი CO2 გამოიყოფა.
 
პორშე აცხადებს, რომ აკუმულატორების სრულად დასამუხტად (გერმანული სტანდარტებით) სამი საათია საჭირო. გარდა ამისა, შესაძლებელია სპეციალური მოწყობილობის გამოყენებაც, რომლის მეშვეობითაც, დამუხტვის დრო მნიშვნელოვნად მცირდება. 
 

კომენტარები