კომპიუტერულმა შეცდომამ ვისკონსინელ მოსამართლეს ლამის არჩევნები წააგებინა

აშშ-ს ვისკონსინის შტატის უზენაესი სასამართლოს არჩევნებში კომპიუტერულმა შეცდომამ უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს, დავიდ პროსერს ლამის არჩევნები წააგებინა. ხუთშაბათ საღამოს გამოცხადებული წინასწარი შედეგების მიხედვით, პროსერი 204 ხმით აგებდა მის კონკურენტთან, იურისტ ჯოან კლოპენბურგთან. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ კომპიუტერული შეცდომის გამო,  ვისკონსინის შტატის ვაუკეშას საგრაფოს ერთ-ერთი ქალაქიდან არჩევნების შედეგები საერთოდ არ გადაგზავნილა. მას შემდეგ, რაც შეცდომა გამოსწორდა, პროსერმა დამატებით 7. 381 ხმა მიიღო და საარჩევნო რბოლაში დაწინაურდა.

ამერიკული მედია იუწყება, რომ არჩევნების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ვაუკეშას საგრაფოს კლერკს, კეთი ნიკოლაუსს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მან გადაწყვიტა საგრაფოს არჩევნების შედეგები ძველ პერსონალურ კომპიუტერში შეენახა. ნიკოლაუსმა თავისი გადაწყვეტილება ”უსაფრთხოების მიზნებით” ახსნა. თუმცა, როცა მან საგრაფოში ჩატარებული არჩევნების შედეგები გაგზავნა, გამორჩა ქალაქ ბრუკფილდის მონაცემები, რაც საერთო ჯამში 14 000 ხმას შეადგენდა. ამერიკული პრესა წერს, რომ ვისკონსინში მომხდარმა ”მინი დრამამ” ცხადყო აშშ-ში ხმის მიცემის და დათვლის მეთოდების ფუნდამენტური გადასინჯვის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობა. 

 

კომენტარები