ევროპული ეკონომიკური დომინო

ეკონომიკური კრიზისის მიერ წაქცეულ დომინოებს – საბერძნეთსა და ირლანდიას – მალე პორტუგალიაც შეემატება. ამას თან პოლიტიკური კრიზისიც  დაერთო – 23 მარტს პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ხოსე სოკრატესი გადადგა. 

ეკონომიკურმა კრიზისმა მძიმე შედეგები მოიტანა – მთლიანად ევროზონა საფრთხის ქვეშ დადგა. დღეისათვის პორტუგალიის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 9.4%, უმუშევრობა კი 11,2%-ია. მოსახლეობის 18% სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ქვეყანა საკრედიტო ვალდებულებების შეუსრულებლობის საფრთხის წინაშეა.

კრიზისის დასაძლევად სოციალისტური პარტიის ლიდერმა, ხოსე სოკრატესმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რიგით მეოთხე ცვლილებათა პაკეტი წამოაყენა. პაკეტის მიხედვით, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში და საინვესტიციო ინფრასტრუქტურაში დანახარჯები უნდა შემცირებულიყო. სოკრატესის გეგმა 1500 ევროზე მაღალი პენსიების 10%-იან სპეციალურ გადასახადს გულისხმობდა. საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასი კი საშუალოდ 5%-ით მოიკლებდა.
 
პორტუგალიის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 9.4%, უმუშევრობა კი 11,2%-ია. მოსახლეობის 18% სიღარიბის ზღვარს მიღმაა.
პორტუგალიის ხუთივე ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგობის გამო, სოკრატესის მიერ წარმოდგენილი გეგმა პარლამენტმა ვერ დაამტკიცა. პაკეტს განსაკუთრებით  სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, პედრო პასო კოელიო აკრიტიკებდა. მან საგანგებო ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული მკაცრი ზომები გადაჭარბებულად მიიჩნია. სოკრატესისგან განსხვავებით, ოპოზიციურ პარტიებს, საბერძნეთისა და ირლანდიის მსგავსად, ევროზონის დანარჩენი წევრებისგან და საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან ფინანსური დახმარების, ე.წ. ბეილაუთის მიღება სურთ. 
 
ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო გეგმით ქვეყანა დეფიციტის დროულად აღმოფხვრას შეძლებდა და ფინანსური დახმარება საჭირო აღარ გახდებოდა. მისი თქმით, დახმარების მიღების შემთხვევაში, საერთაშორისო მონეტარული ფონდისა და ევროკავშირის ვალის დასაფარავად საჭირო ზომები, საგანგებო საბიუჯეტო სტრატეგიაში გათვალისწინებულ მექანიზმებზე უფრო მტკივნეული იქნება. 
 
2009 წლის არჩევნების შედეგების გამო, სოკრატესი, სხვადასხვა სექტორში გასატარებელი რეფორმების დამტკიცებისას, მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ოპონენტთა პოზიციაზე. მის პარტიას 230-ადგილიან პარლამენტში მხოლოდ 97 ადგილი უკავია.
 
ქვეყნის პრეზიდენტმა, 1974 წლის შემდეგ პირველმა მემარჯვენე-ცენტრისტმა ანიბალ კავაკო სილვამ, პრემიერის გადადგომის გამო ადრეული არჩევნები დანიშნა. წინასწარი გამოკითხვებით, მომავალ არჩევნებში გამარჯვება მთავარ ოპოზიციურ ძალას, სოციალ-დემოკრატებსა და მათ ლიდერს, პედრო პასო კოელიოს ერგებათ. 
 
ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნები მინიმუმ 55 დღის შემდეგ უნდა დაინიშნოს, მანამდე კი ქვეყანას პოლიტიკური ვაკუუმი ემუქრება. ახალ არჩევნებამდე საუბარია „დიდი კოალიციის” ჩამოყალიბებაზე, რომელშიც ყველა პარტია უნდა შევიდეს, თუმცა ამის შესახებ შეთანხმება ჯერ ვერ მოხერხდა. გარდამავალ პერიოდში მთავრობის ზედამხედველობას კვლავაც ყოფილი პრემიერი განაგრძობს. თუმცა მას, არსებული ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად, საკმარისი ძალაუფლება არ ექნება
 

კომენტარები