ქართული ოპოზიციური ჯგუფები და არეულობა არაბულ ქვეყნებში

არაბულ სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს პოლიტიკური ოპოზიციის ორი ფრთა, განსხვავებულად რეაგირებს. ამ მოვლენებმა არასაპარლამენტო ოპოზიციის რადიკალურ ჯგუფებს (რომლებიც დიდი სიჭრელით გამოირჩევიან), როგორც ჩანს, რეჟიმის შეცვლის კამპანიის მორიგი წამოწყება შთააგონა. მეორე მხრივ, საპარლამენტო ოპოზიცია უარს ამბობს საქართველოში „რევოლუციური” მეთოდების გამოყენებაზე და აქცენტს საარჩევნო პროცესსა და მომდევნო წელს დაგეგმილ არჩევნებზე აკეთებს.

თუ არაბულ ქვეყნებში არეულობას დასავლეთში ბევრი დემოკრატიულ პროცესად აფასებს, საქართველოში მას რეჟიმის ცვლილების სერიული მოსურნენი უფრო ცინიკურად აღიქვამენ. ამ ჯგუფების ლიდერებს იმედი აქვთ, რომ უკანონო ქმედებებით ხელისუფლებას აიძულებენ, ძალა გამოიყენოს. მოვლენების ასეთი განვითარება კი, მათი გათვლით, ხელისუფლებას შიდა ლეგიტიმურობას და, რაც მთავარია, დასავლეთის მხარდაჭერას დააკარგვინებს.

ეს ტაქტიკა ქართველი მეამბოხე ჯგუფებისათვის არახალია. ზოგმა ეს უკვე 2007 და 2009 წლებში გამოსცადა. ამ ჯერზე, სიახლეა ტერმინ „რევოლუციის” უფრო ღიად გამოყენება, სისხლისღვრაზე უპრეცედენტო, თანაც ორაზროვანი საუბრები და არაბულ სამყაროში მიმდინარე მოვლენებიდან გამოტანილი დასკვნა, რომ დასავლეთი შეშინებული პროდასავლური ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენებას არ მოიწონებს.
 
თუმცა, 2007 წლისგან ან თუნდაც 2009 წლისგან განსხვავებით, რეჟიმის ცვლილების პარლამენტს გარეთ მყოფი მოსურნენი, საზოგადოების მხრიდან იზოლირებულები არიან. აკლიათ რა მოკავშირეები პოლიტიკურ მეინსტრიმში, მათზე წონიანი ის ოპოზიციური პარტიებია, რომლებიც ინსტიტუციური სისტემის ფარგლებში მოქმედებენ. ეს პარტიები 2012 წლის საპარლამენტო და შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. პარლამენტს გარეთ კი, მეამბოხე ოპოზიცია თავის რევოლუციაზე ოცნებობს, ხელისუფლება რომ შეიცვალოს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს (ინტერფაქსი, 28 მარტი).
 
მეამბოხე ოპოზიცია კი ძალიან დანაწევრებულია. მასში შედის სახალხო კრება, რომელიც რვა სხვადასხვა ჯგუფისგან შედგება; ქართული პარტია, რომელიც სახალხო კრების კონკურენტია; დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის, რომელსაც ბადრი ბიწაძის და ნინო ბურჯანაძის ოჯახური ტანდემი ხელმძღვანელობს (სასაზღვრო დაცვის ყოფილი უფროსი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე); და რამდენიმე სხვა ჯგუფი და ფრაქცია (24 საათი, 4, 17 მარტი). ბიწაძე და ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე (საპრეზიდენტო კანდიდატი 2008 წლის იანვრის არჩევნებში), ერთმანეთს საჯაროდ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, მიუნხენის აეროპორტში, ღალატის ბრალდებებისა და ამ ბრალდებების უარყოფის ნიადაგზე (Eurasianet, 28 მარტი).
 
სიახლეა ტერმინ „რევოლუციის” უფრო ღიად გამოყენება, სისხლისღვრაზე უპრეცედენტო, თანაც ორაზროვანი საუბრები და არაბულ სამყაროში მიმდინარე მოვლენებიდან გამოტანილი დასკვნა, რომ დასავლეთი შეშინებული პროდასავლური ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენებას არ მოიწონებს.
ამ ჯგუფებმა ეკონომიკურ გაჭირვებაზე კაპიტალის დაგროვების შანსი ხელიდან გაუშვეს. საქართველოს ეკონომიკა პოსტკრიზისული აღდგენის ფაზაშია. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი ახლა 6%-ია და წლის ბოლომდე ამ ტემპის, სულ მცირე, შენარჩუნებაა დაგეგმილი. ინფლაცია, რომელმაც წლიურ 14%-ს მიაღწია, სერიოზულ პრობლემად რჩება, თუმცა პროგნოზით წლის განმავლობაში ერთნიშნა მაჩვენებლამდე შემცირდება (რადიო თავისუფლება, 13 მარტი). ხელისუფლება ამ პრობლემას გარკვეული სოციალური ჯგუფებისა და პენსიონერებისთვის საკვების ვაუჩერების დარიგებით პასუხობს. სხვადასხვა საქონელსა და საკვებ პროდუქტებზე მსოფლიო ფასების ზრდაში, რომელიც საქართველოსაც შეეხო, ხელისუფლებას მისი ოპონენტები ადვილად ვერ დაადანაშაულებენ.
 
მეამბოხე ოპოზიციონერები „შეტევის” სხვადასხვა თარიღს ასახელებენ (9 აპრილი, 24 აპრილი, 2 მაისი) „გადამწყვეტი” აქციებისა და დემონსტრაციების დასაწყებად. მაგალითად, ბურჯანაძის წინადადებაა „ხელისუფლების იძულება, მშვიდობიანად გადადგეს, სისხლისღვრის გარეშე”; იგი იმუქრება „შეუპოვარი წინააღმდეგობით, თუ ის [ხელისუფლება] ხელის აღმართვას გაბედავს” (Russia Today, 16 მარტი; ნეზავისიმაია გაზეტა, 24 მარტი). ასეთივე შემართებით, ქართული პარტიის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი, მოუწოდებს „ძალა აჩვენონ, მათ [ხელისუფლების] შესაკავებლად” და თუ ხელისუფლება ძალას გამოიყენებს, „თანაზომადი პასუხი” გასცენ, მაგალითად, ხელკეტებზე  ხელკეტებით (რეზონანსი, 21 მარტი). 
 
მასობრივი მიტინგებისთვის მეამბოხე ჯგუფებს სოციალური ბაზა აკლიათ; მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი მზად არიან, ისეთი ინციდენტების პროვოცირებისთვის, რომელსაც ესკალაცია შეიძლება მოჰყვეს. ზოგი ქართველი შიშობს, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთმა შეიძლება ლიბიაში დასავლეთის ინტერვენციის მაგალითს მიბაძოს და საქართველოში „ხალხის დასაცავად” შემოიჭრას. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ, ეს შეშფოთება ცოტა ხნის წინ, თბილისში გამართულ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე გამოხატა  (კავკას-პრესი, 24 მარტი).
 
გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ირაკლი ალასანიას ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები ძირითადი ოპოზიციური პარტიებია, რომლებიც ინსტიტუციური სისტემის ფარგლებში მოქმედებენ. უარყოფენ რა „რევოლუციის” იდეას (რაც საქართველოში ძირითადად ხელისუფლების არაკონსტიტუციურ ცვლილებას გულისხმობს), ეს პარტიები საკონსტიტუციო ვადების შესაბამისად გამართულ არჩევნებში (2012 წელს) მონაწილეობას და ამით, პოლიტიკური ძალაუფლების საკუთარი წილის გაზრდას აპირებენ. ამჟამად ისინი მმართველ პარტიასთან საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავენ. 
 
თარგამაძის გუნდი რეჟიმის შემცვლელთა ბანაკს 2008 წლის დასაწყისში გამოეყო, იმავე წელს არჩევნების გზით პარლამენტში წარმომადგენლობა მოიპოვა და როგორც ოპოზიციურმა პარტიამ, საპარლამენტო ადგილები დაიკავა (ხოლო მეამბოხე ოპოზიციონერებმა იმავე წელს მოპოვებულ რამდენიმე ადგილზე უარი განაცხადეს). ალასანიას ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები მეამბოხეებთან 2009 წლის ანტისამთავრობო კამპანიაში არცთუ იოლად თანამშრომლობდნენ, მომდევნო წელს კი მათ აგრეთვე გამოეყვნენ. 
 
ეს ორი პარტია 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში დაღვინდა. ამ არჩევნებმა  საქართველოში პარტიული სისტემის განვითარებას საფუძველი ჩაუყარა; პრეზიდენტის მომხრე ნაციონალური მოძრაობის მაღალი რეიტინგი დაადასტურა; პასუხისმგებელი ოპოზიციური პარტიების დაბადება გვაცნობა; და სერიული რევოლუციების მოსურნე ანაქრონისტული პარტიების მარგინალიზაცია მოახდინა. 

კომენტარები