სოლიდარობის არტ-აქცია „საკურას ყვავილობა“

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/sak.png##fbimage#
6 აპრილს, „ევროპის სახლის“ საგამოფენო სივრცემ სოლიდარობის არტ-აქციას უმასპინძლა, სახელწოდებით „საკურას ყვავილობა“.

აქცია იაპონელი ხალხის მხარდასაჭერად გაიმართა, მასში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ფოტოგრაფებმა და იაპონიის თემაზე შექმნილი 25 ფოტოექსპოზიცია წარმოადგინეს. ინსტალაცია „ასაჰანი“ - ამომავალი მზე წარუდგინა საზოგადოებას ბექა ქართველიშვილმა, ღონისძიებაში ჩაერთო ორიგამის სკოლაც.

სტუმრებისთვის არტ-ფოლკ ჯგუფმა „კიბატონო“ გამართა კონცერტი, სადაც მუსიკალური ჯგუფის მიერ შექმნილი კომპოზიცია „საკურა“ პირველად გაჟღერდა საზოგადოებისთვის. კომპოზიციის ინსპირაცია, იაპონიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებია.

გამოფენაზე სტუმრებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ტრადიციულ, იაპონურ სამზარეულოს, მოწვეული მხატვრები კი სტუმრებს სხეულზე  საკურას ყვავილობის  და მშვიდობის აღმნიშვნელი იეროგლიფების დახატვას სთავაზობდნენ.
აქცია იაპონიაში საკურას ყვავილობის კვირეულის პარალელურად გაიმართა, დეკორატიული ალუბლის ხე იაპონიისა და იაპონური კულტურის სიმბოლოდ ითვლება.

ღონისძიებას დაესწრო იაპონიის ელჩი, მისი აღმატებულება ბატონი - მასაიოში კამოჰარა.




კომენტარები