პანდუსები რკინის ხიდებზე

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/bbb.png##fbimage#
როდესაც თბილისის მერიამ გზებზე ზემოდან გადასასვლელი რკინის ხიდები დაამონტაჟა, მათზე საბავშვო ეტლებისა და ეტლით მოსარგებლე უნარშეზღუდული ადამიანების ასვლა არ იყო გათვალისწინებული. თბილისში სულ 35 ასეთი ხიდია დამონტაჟებული. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ამჟამად განიხილება ხიდებზე ასასვლელი ლიფტების მონტაჟის საკითხიც, მაგრამ ეს საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

თუმცა ამ რამდენიმე თვის წინ ამ ხიდებზე დამონტაჟდა ასასვლელი რელსები, პანდუსები. მათი დამონტაჟება 32000 ლარი დაჯდა. მერიის პრესსამსახურის ცნობით, ისინი საბავშვო ეტლებისა და ეტლიანი უნარშეზღუდულებისთვის არაა გაკეთებული. პანდუსების დამონტაჟების მიზანი მხოლოდ საგორავებელი ხელჩანთისა და ბარგის ხიდზე გადატანაა. როგორ უნდა მოიქცეს, მაგალითად დედა, რომელსაც საბავშვო ეტლის ქუჩის მეორე მხარეს გადატანა სურს ხიდის დახმარებით, უცნობია.

ტაბულამ ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიზანი იყო დაგვედგინა, რამდენად შესაძლებელია საბავშვო ეტლის სხვის დაუხმარებლად გადატანა რკინის ხიდის საშუალებით. როგორც ექსპერიმენტმა აჩვენა, ეს განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. ხელბარგისთვის გამიზნული პანდუსი თითქოს სპეციალურადაა ისე მოწყობილი, რომ მასზე სხვა სახის ბორბლიანი ”ტრანსპორტი” ვერ ავიდეს. ასე რომ კითხვა, როგორ მოიქცეს ბავშვიანი დედა ხიდზე გადასვლის საჭიროებისას, კვლავაც პასუხგაუცემელი რჩება.

კომენტარები