ქართული კინო ახალი თამაშის წესებს ითვისებს

25-27 მარტს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინიციატივით და მოწვევით თბილისში EAVE-ს (European Audiovisual Entrepreneurs) სემინარი ჩატარდა. ორგანიზაცია 1998 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ევროპის, აზიის, სამხრეთ ამერიკის, აფრიკის და არაბული ქვეყნების კინოინდუსტრიის მოღვაწეების, განსაკუთრებით პროდიუსერების პროფესიულ მომზადებას. ასევე ამ ქვეყნების კინოორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას, კო-პროდუქციების ხელშეწყობას და დამოუკიდებელი კინოს განვითარებას. EAVE-ს სემინარები მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებში ეწყობა, დღეს მათ რიცხვს საქართველოც შეუერთდა. სამდღიან მინი-სემინარს ევროპის სახლმა უმასპინძლა. მონაწილეობდა ოთხი ქართული კინოკომპანია (20 Steps Film, Ltd.Film Project, Sakdoc Film, Apex Film). კინოპროექტები კინოცენტრის შერჩეულმა პროდიუსერებმა წინასწარ გამოცხადებული კონკურსით გამოავლინეს.

დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა დრო, როდესაც საბჭოთა პროდიუსერი (დირექტორი) ფილმის საბუღალტრო ნაწილს უზრუნველყოფდა და თანამდებობას ერთი-ორი ხმამაღალი სიტყვით ამართლებდა. ამასობაში ამ პროფესიამ ევროპაშიც განიცადა ევოლუცია: დღეს იქ სულ უფრო იშვიათია პროდიუსერი კლასიკური გაგებით, რომელიც ჯიბეზე ხელს გაიკრავს და კაპიტალს “გამოვა” – მას საკუთარი ფული არ გააჩნია. ევროპელი, ანუ როგორც ამ ბოლო დროს დამკვიდრდა –  შემოქმედებითი პროდიუსერი ჯერ მისთვის საინტერესო პაკეტს (სცენარს, რეჟისორს, თემას ან კომბინაციას) და შემდეგ პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელ თანხებს ეძებს. პროცესი სცენარის განვითარებიდან ფილმის გავრცელებამდე ხანგრძლივი და დამქანცველია (საშუალოდ 4-6 წელი). პროდიუსერები ამბობენ, რომ მას საინტერესოს შემოქმედებითი მხარე ხდის: როგორ განვავითაროთ ის ისე, რომ რაც შეიძლება მიმზიდველი გახდეს, ან როგორ მივუსადაგოთ ერთი და იგივე პროექტი სხვადასხვა ფონდების ხშირად განსხვავებულ მოთხოვნებს. საქართველოს, რომლის ადგილობრივი ბაზარი თითზე ჩამოსათვლელი დარბაზების რაოდენობით განისაზღვრება, ერთადერთი გამოსავალი აქვს – ევროპული კო-პროდუქციის მეთოდებით შექმნას ისეთი ფილმები, რომლებსაც ქვეყნის საზღვრებს გარეთაც ექნება მომავალი. პარტნიორ ქვეყნებთან კო-პროდუქციის ჩამოყალიბება ფილმის განვითარების ადრეულ ეტაპზე ამ პროცესის ნაწილია. ამრიგად კინოცენტრის ინიციატივა, ქართული კინო ევროპული და საერთაშორისო ბაზრისთვის მოამზადოს – დროული და მისასალმებელია

სემინარისთვის ისეთი მომხსენებლები შევარჩიეთ, რომლებსაც თეორიული გამოცდილების მიღმა სოლიდური პრაქტიკული გამოცდილება აქვთ. ეს უფრო ქმედითუნარიანს ხდის ქართველი მონაწილეების პერსპექტივებს”, – ამბობს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი. ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესო იყო EAVE ჯგუფის ლიდერის, ესტონელი პროდიუსერის – რიინა სილდოსის გამოცდილება (სილდოსი მრავალი ევროპული კო-პროდუქციის ავტორია, მათ შორის აღიარებული ფილმის – “კლასის” 2008, პროდიუსერი). ესტონეთის მოსახლეობა საქართველოზე თითქმის სამჯერ მცირეა, ამრიგად, ადგილობრივი კინობაზრის შეზღუდულობა ესტონელებისთვისაც ნაცნობი თემაა. რიინა სილდოსისთვის ადვილი მისახვედრია, თუ რატომ ჩაება საქართველო მცირებიუჯეტიანი და მდარეხარისხიანი ფილმების ფერხულში. როგორც ჩანს, საერთაშორისო ტენდენციის ამ დაუფიქრებელ მიბაძვას პროდიუსერის ხედვის უქონლობა და ცოდნის ნაკლებობა განაპირობებს. “დაბალბიუჯეტიანი ფილმი არ ნიშნავს დაბალხარისხიან, უშინაარსო ფილმს, ამაზე ქართველმა პროდიუსერებმა მეტი უნდა იფიქრონ, – ხსნის რიინა სილდოსი, – მით უმეტეს, რომ საქართველოს ამ მხრივ დიდი ინტელექტუალური პოტენციალი გააჩნია. მაყურებელი ყოველთვის უკეთესის ღირსია. პროდიუსერმა არასდროს უნდა შეაფასოს მაყურებელი დაბალი საზომით. შენი ოჯახიც მაყურებელია და მაყურებელიც შენი ოჯახივითაა – თუ არ გსურს, რომ საკუთარი ოჯახი იაფფასიანი საკვებით გამოკვებო, მაშინ რატომ არ ქმნი ხარისხიან ფილმს, რომელიც გასართობიცაა და ამავე დროს შინაარსიანიც?”.

სემინარი 15 ივნისს განახლდება. ზაფხულში ქართველი პროდიუსერები, EAVE-ს კონსულტანტების წინაშე, უკვე მომზადებული პროექტებით წარდგებიან. შედეგად, კარგად განვითარებულ კინოპროექტები ევროპულ კინოსახელოსნოებში მოხვდება, სადაც საკუთარი უპირატესობის მტკიცება მაღალკონკურენტულ გარემოში მოუწევს. 

კომენტარები