ფუკუშიმა შტუტგარტში

27 მარტს, რეგიონული არჩევნები გერმანიის ორ მიწაზე კანცლერ ანგელა მერკელისთვის არასასურველი სცენარით წარიმართა. რაინლანდ-პფალცში მისმა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა წინა არჩევნების შედეგი ოდნავ გააუმჯობესა, თუმცა რეგიონის მინისტრ-პრეზიდენტად ისევ სოციალ-დემოკრატი კურტ ბეკი დარჩება. 

უფრო მნიშვნელოვანი ბადენ-ვიურტემბერგის არჩევნები იყო. გერმანიის ეს ინდუსტრიული რეგიონი ქრისტიან-დემოკრატების საყრდენია, რომელსაც ისინი 58 წლის მანძილზე მართავდნენ. მართალია, ისევ ყველაზე მეტი ხმა მოაგროვეს, თუმცა რეგიონის მინისტრ-პრეზიდენტი შტეფან მაპუსი პოსტს მაინც დაკარგავს. მის ადგილს მწვანეების ლიდერი ვინფრიდ კრეტშმანი დაიკავებს. 

მწვანეთა პარტიის არსებობის მანძილზე, მისი წევრი, გერმანიის რეგიონის ლიდერი პირველად გახდება. მწვანეებმა წინა არჩევნებთან შედარებით ორჯერ მეტი, ხმების 24% მოაგროვეს. ისინი სოციალ-დემოკრატებთან – რომლებმაც ხმათა 23% მიიღეს –  კოალიციას შექმნიან.

ქრისტიან-დემოკრატებმა 5% დაკარგეს და 39%-ს დასჯერდნენ. კრახი განიცადა მათმა კოალიციურმა პარტნიორმა, თავისუფალ დემოკრატთა პარტიამ, რომელიც ძლივს გადასცდა 5%-იან საარჩევნო ზღვარს. საგარეო საქმეთა მინისტრმა გვიდო ვესტერველემ, შესაძლოა, პარტიის ლიდერობა უახლოეს მომავალში დაკარგოს. მერკელს იგივე არ ემუქრება, რადგანაც საკუთარ, ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიაში კონკურენტი არ ჰყავს. მეტნაკლებად პოპულარული თავდაცვის მინისტრი კარლ-თეოდორ გუტენბერგი ერთი თვის წინ პლაგიატის სკანდალს შეეწირა. 
 
მწვანეთა პარტიის არსებობის მანძილზე, მისი წევრი, გერმანიის რეგიონის ლიდერი პირველად გახდება.
რეგიონულმა არჩევნებმა სოციალ-დემოკრატების დასუსტების ტენდენციაც დაადასტურა. მეორე მსოფლიო ომის მომდევნო პერიოდში ისინი გერმანულ პოლიტიკაში დომინანტი ძალა იყვნენ. მათმა სიძლიერემ აპოგეას 1970-იან და 1998-2005 წლებში მიაღწია, როდესაც ბუნდესტაგის არჩევნებზე კონკურენტებს მინიმუმ 6%-ით უსწრებდნენ. 2005 წელს სოციალ-დემოკრატებმა 34% მოაგროვეს ქრისტიან-დემოკრატების 28%-ის საპირწონედ. ოთხი წლის შემდეგ მათი შედეგი 23%-მდე დაეცა და შედეგად კანცლერის სავარძელიც დაკარგეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სოციალ-დემოკრატები მემარცხენეთა ფრთის უპირობო ლიდერები იყვნენ. გერმანიის გაერთიანების შემდეგ კი მარცხენა ფლანგის ფრაგმენტაცია შეინიშნება. აღმოსავლეთში ყოფილი კომუნისტური, ახლა კი მემარცხენე პარტია პოპულარობით სარგებლობს. ისინი თანდათან დასავლეთშიც იკრებენ ძალებს, 2009 წლის ბუნდესტაგის არჩევნებზე ხმების 12% მოაგროვეს, თუმცა რეგიონულ არჩევნებზე ორივე მიწაზე დამარცხდნენ და მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს. სოციალ-დემოკრატებსა და მემარცხენე პარტიას ავიწროებენ მწვანეები. მათ 2009 წლის არჩევნებზე დაახლოებით 11% მოაგროვეს, რეგიონებში კი მემარცხენე პარტიას წაართვეს ხმები. უკანასკნელი არჩევნების მიხედვით, მწვანეებმა პოპულარობით არა მარტო მემარცხენე პარტიას, არამედ სოციალ-დემოკრატებსაც გაასწრეს. 
 
მარჯვენა ფლანგზე შედარებით სტაბილური მდგომარეობაა. ქრისტიან-დემოკრატებმა 1990-იან წლებში დაკარგული პოზიციები დაიბრუნეს. ძირითადად ამ უკანასკნელთა და ნაწილობრივ მემარცხენე პარტიების ხარჯზე დროებით გაძლიერდა თავისუფალ დემოკრატთა პარტია – 2009 წლის არჩევნებზე თავისთვის სარეკორდო – 14.6% მოაგროვა. მაგრამ მას შემდეგ პარტიის პოპულარობამ იკლო. კვლავაც სტაბილურია ქრისტიან-დემოკრატების მოკავშირე, ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირი. თუმცა 1970-1980-იან წლებთან შედარებით მათმა პოპულარობამ ოდნავ იკლო – ბოლო 20 წლის განმავლობაში, ისინი ხმათა 6-8%-ს იღებენ.
ფოტო: REUTERS ©
საგარეო საქმეთა მინისტრი გვიდო ვესტერველე
ბადენ-ვიურტემბერგი სხვა გერმანული მიწებისგან სწრაფი ეკონომიკური ზრდითა და უმუშევრობის დაბალი დონით გამოირჩევა. თუმცა ეკონომიკურმა წარმატებამ შტეფან მაპუსი და ქრისტიან-დემოკრატები წარუმატებლობისგან ვერ იხსნა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იაპონიის ბირთვული კრიზისია. გასულ წელს, გერმანელებმა გადაწყვიტეს საკუთარი 17 ატომური ელექტროსადგური 2022 წლისათვის დაეხურათ. მერკელმა, რომელსაც დახურვის ვადის 5 წლით გადავადება სურდა, ბირთვული ელექტროსადგურების შემოწმების მიზნით, გადაწყვეტილებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. იაპონიის ბირთვული კრიზისის ესკალაციის შემდეგ კი მან 7 სადგური საერთოდ დახურა, რაც მისმა მოწინააღმდეგეებმა პოპულისტურ ნაბიჯად შეაფასეს. ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა ეკონომიკის მინისტრ რაინერ ბრუდერლეს პრესაში გამოჟონილი კომენტარი, რომ სადგურების დახურვა არა უსაფრთხოების უზრუნველყოფის, არამედ რეგიონული არჩევნების წინ ელექტორატის მოთაფვლის მცდელობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბრუდერლემ ამ განცხადებას სიცრუე უწოდა, მან არჩევნებზე გავლენა მოახდინა. გერმანიის მოსახლეობის 56%-ს ბირთვული ენერგიის წარმოების მალე შეწყვეტა სურს. ბადენ-ვიურტემბერგში ელექტორატის დაახლოებით ნახევრისთვის და მწვანეების მხარდამჭერთა 85%-სთვის ბირთვული ენერგეტიკა საკვანძო საარჩევნო საკითხი იყო. არჩევნებში მონაწილეობა ელექტორატის 66%-მა მიიღო, რაც 2006 წლის მონაცემებთან შედარებით, 13%-ით მეტია. ზრდა ძირითადად ახალგაზრდებს უკავშირდება, რომლებიც ატომური ენერგიისადმი უარყოფითი დამოკიდებულებით გამოირჩევიან.
 
ახალგაზრდულმა საპროტესტო განწყობილებამ ბადენ-ვიურტემბერგის დედაქალაქ შტუტგარტში გამოცდილი მწვანე პოლიტიკოსი კრეტშმანი მოიყვანა. წლების წინ ის სკოლაში ქიმიას, ბიოლოგიასა და ეთიკას ასწავლიდა. როგორც ამბობენ, მისთვის ბირთვულ ენერგეტიკაზე არანაკლები მნიშვნელობის საკითხი ფისკალური პოლიტიკაა. ერთი შეხედვით, ის შესაფერისი კანდიდატურაა იმის დასამტკიცებლად, რომ სიმწვანე – ეკონომიკურ ზრდას, ინოვაციასა და დასაქმებას – არ ეწინააღმდეგება. თუმცა მისმა წარუმატებლობამ შესაძლოა, მწვანეების იმიჯი დაასამაროს და ბადენ-ვიურტემბერგში გამარჯვება იღბლიან შემთხვევითობად წარმოაჩინოს. 

კომენტარები