თბილისი სოჭის ოლიმპიადისთვის გაგრაში გასართობი ცენტრების მშენებლობას აპროტესტებს

სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის ქალაქ გაგრაში კაზინოების, გასართობი ცენტრებისა და სასტუმროების მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ რუსული პრესა იუწყება. ქართული მხარე აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარებული ტერიტორიების ოლიმპიადის ჩასატარებლად გამოყენება არ შეიძლება.  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ,  გიორგი ასანიძემ განაცხადა, რომ ეს ოლიმპიადის ქარტიას ეწინააღმდეგება. ”იმედი მაქვს, რომ ოლიპიური კომიტეტი არ დაუშვებს ისეთ ქმედებას, რაც ამ თამაშების ქარტიას ეწინააღმდეგება,” აღნიშნა მან.

რუსული მედიის ცნობებს გაგრის ზონაში გასართობი ცენტრებისა და სასტუმროების შესაძლო მშენებლობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროც გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ ოშაბათის ტრადიციულ  ბრიფინგზე განაცხადა, რომ  საქართველოს პოზიცია  ისეთივე იქნება, როგორც ”სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებულ ყველა არალეგიტიმურ ქმედებებზე.” მისი თქმით,  საქართველო ამის თაობაზე ”შეშფოთებას გამოთქვამს” და ”საერთაშორისო თანამეგობრობას აცნობებს.”  ”იმედი გვაქვს, რომ მათი მხრიდანაც სათანადო შეშფოთება გამოითქმება და ლეგალურ ჩარჩოებში მოხდება ოლიმპიადისთვის დაგეგმილი მშენებლობების მოქცევა,” განაცხადა კალანდაძემ.

ქართულმა მხარემ არაერთხელ გააკეთა საპროტესტო განცხადება სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მოსამზადებლად  საქართველოს ბუნებრივი რესურსების  უკანონო გამოყენებისა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დაყენების შესახებ.  

კომენტარები