ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთის პრეზიდენტად მეოთხედ აირჩიეს

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/nazarbaev.png##fbimage#
ყაზახეთში 3 აპრილს გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთა 95.5 %-მა დაუჭირა მხარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაზარბაევი ყაზახეთის პრეზიდენტი უკვე მეოთხედ გახდა. ნაზარბაევის ოპონენტმა სამმა კანდიდატმა ხმათა 1.4 %, 1.2% და 1.9 % მიიღო. ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ თითქმის 90 % შეადგინა.
  
უცხოური მედიის ცნობით, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე დარღვევები გამოავლინეს. კერძოდ, მათი ინფორმაციით, ყაზახ სტუდენტებს არჩევნებში მონაწილეობის მიღება უნივერსიტეტებიდან გარიცხვის მუქარით აიძულეს. საპრეზიდენტო არჩევნები ყაზახეთში 2012 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა 70 წლის ნაზარბაევმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება მან ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების გამო მიიღო. მათი მტკიცებით, ნაზარბაევი შიშობდა, რომ მსგავსი მღელვარება ყაზახეთშიც შეიძლება დაწყებულიყო.

ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთს უკვე 20 წელია მართავს. 2007 წელს ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა და პრეზიდენტად არჩევის რაოდენობაზე შეზღუდვა მოიხსნა. გასულ იანვარს კი ყაზახეთის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ნურსულთან ნაზარბაევის საპრეზიდენტო ვადის რეფერენდუმის გზით 2020 წლამდე გაგრძელების საკითხს. ამასთანავე, პარლამენტის გადაწყვეტილებით, კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება ”ერის ლიდერის” სტატუსის დამკვიდრების შესახებ. ყაზახეთის ოპოზიციამ პარლამენტის გადაწყვეტილებას ასტანას პოლიტიკური თამაში უწოდა, აშშ-მ კი ეს ნაბიჯი ”დემოკრატიის უკუსვლად” შეაფასა. თავად ნაზარბაევმა პარლამენტის გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო ვადის 2020 წლამდე გაგრძელებას ურჩევნია საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. 

კომენტარები