ქეპჩერი რენოს დიზაინის ახალი ენა

რენო თავისი ავტომობილების კორპორატიულ სტილს ცვლის და ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს ხელმძღვანელობს კომპანიის მთავარი დიზაინერი, ჰოლანდიელი ლორენს ფან დენ აკერი, რომელიც ადრე იაპონურ მაზდაში მუშაობდა და იქაც კომპანიის ახალ სტილს ამუშავებდა.

მისი ხელმძღვანელობით, ახალ სტილში შესრულებული პირველი კონცეპტუალური ავტომობილი – კუპე დეზირი შარშან ვიხილეთ. ახლა კი იმავე სტილში, ფრანგებმა სუბკომპაქტური ქროსოვერი ქეპჩერი შეიმუშავეს, რომელიც რენოს იაპონელი პარტნიორის, ნისანის ანალოგიური კლასის ჯუკის ბაზაზე შეიქმნა და რომლის პირველი ჩვენებაც ჟენევის ავტოშოუზე გაიმართა.

ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4.223 მეტრი, სიგანე 1.950 მეტრი, სიმაღლე 1.586 მეტრი, ბორბლებს შორის ბაზა 2.624 მეტრი, კლირენსი – 0.261 მეტრი. კონცეპტუალური ავტომობილის ძარა მთლიანად კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. ამასთან, სახურავი მოსახსნელია, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ ავტომობილი კაბრიოლეტად გადაკეთდეს.
 
ქეპჩერს მხოლოდ ორი კარი აქვს, ოღონდ ორივე ძალიან გრძელია, რაც უკანა სავარძლებზე ადვილად მოხვედრის საშუალებას იძლევა. ამასთან, კარები ქვევიდან ზევით, ლამბორგინის სტილში იღება. ავტომობილი საკმაოდ მსუბუქია – მხოლოდ 1 300 კილოგრამს იწონის, რაც კარბონის დეტალების დამსახურებაა. რაც შეეხება აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტს, ის ქროსოვერისთვის ძალიან მცირე – მხოლოდ 0.31-ია.
 
კონცეპტუალური ავტომობილი 1.6-ლიტრიანი ტურბოდიზელითაა აღჭურვილი. ამასთან, მას წყვილი ტურბინა ემსახურება, რაც მცირელიტრაჟიანი ძრავებისთვის იშვიათი შემთხვევაა. ძრავა 160 ცხენის ძალას და 380 ნიუტონმეტრს (1 750 ბრ/წთ-ზე) ავითარებს. წყვილდისკოიანი ქუროს მეშვეობით, მასთან რობოტიზებული გადაცემათა კოლოფია (EDC) დაკავშირებული.
 
რენოს მონაცემებით, ამ აგრეგატების დახმარებით, სპორტულ ქროსოვერს ადგილიდან ასის აკრეფა 8 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 210 კმ/სთ-ს აღწევს. ფრანგული კომპანია ავტომობილის საწვავის ხარჯის შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს. სამაგიეროდ გვარწმუნებს, რომ ყოველი კილომეტრის გავლისას, ქეპჩერი ატმოსფეროში მხოლოდ 99 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.  

კომენტარები