#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/kusa.png##fbimage#
ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუსა კუსამ თანამდებობა დატოვა. ის ლონდონში ჩავიდა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. მუსა კუსას თქმით, მან ლიბია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისადმი პროტესტის ნიშნად დატოვა. ბრიტანეთის ხელისუფლება ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებას მიესალმა და კადაფის რეჟიმის სხვა წარმომადგენლებს მუსა კუსას მაგალითის მიბაძვისკენ მოუწოდა. ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის განდგომის მიუხედავად, კადაფის მომხრეები ლიბიელი ამბოხებულების შევიწროვებას აგრძელებენ. უცხოური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ამბოხებულებმა კადაფის ძალებთან ბრძოლაში რამდენიმე ”მნიშვნელოვანი მარცხი” განიცადეს.ლიბიის ოპოზიციის დახმარების მიზნით, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქვეყანაში აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოპერაციის დაწყების სანქცია გასცა. ამერიკული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ვაშინგტონმა უკვე გაგზავნა ლიბიაში ათამდე საიდუმლო აგენტი, რომლებმაც, სავარაუდოდ, აშშ-ს მიერ ამბოხებულებისთვის დახმარების გასაწევად ნიადაგი უნდა მოამზადონ. პრეზიდენტმა ობამამ ჟურნალისტებთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ შესაძლოა აშშ-მ პოლკოვნიკ მუამარ კადაფის მოწინააღმდეგეები იარაღით მოამარაგოს.