კადაფის ვაჟი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულ ტურში მონაწილეობდა

 ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ერთ-ერთი ვაჟი, ხამის კადაფი ლიბიაში არეულობების დაწყების დროს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოწყობილ ტურში იღებდა მონაწილეობას. 27 წლის ხამის კადაფის აშშ-ში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა მედიამ გაავრცელა. მედიის ცნობით, ოთხკვირიანი ტური კომპანია AECOM-მა მოაწყო. კომპანიის ვიცე პრეზიდენტის, პოლ ჯენაროს თქმით, AECOM-ს ლიბიაში სერიოზული ბიზნეს ინტერესები აქვს.

გასულ კვირას უცხოურმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ხამის კადაფი ლიბიელმა კამიკაძე პილოტმა მოკლა. თუმცა სამშაბათს ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა კადრები, თუ როგორ ესალმება კადაფის ვაჟი მამამისის მომხრეებს ტრიპოლის რეზიდენციაში.

ლიბიაში 17 თებერვალს დაწყებული ანტისამთავრობო გამოსვლები სამოქალაქო ომში გადაიზარდა. საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, პოლკოვნიკი მუამარ კადაფი, რომელიც ქვეყანას 40 წელზე მეტია მართავს, გადადგომაზე უარს აცხადებს. 

კომენტარები