ლიბიელმა ამბოხებულებმა კადაფის მშობლიური ქალაქი აიღეს

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/sirte.png##fbimage#
ლიბიელმა ამბოხებულებმა პოლკოვნიკ კადაფის მშობლიური ქალაქი, სირტე აიღეს. ინფორმაცია ოპოზიციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ვრცელდება. ადგილობრივების ცნობით, ქალაქ ბენგაზიში, რომელიც ამბოხებულების მთავარ საყრდენს წარმოადგენს, სირტეს აღება ხმამაღალი შეძახილებით და ჰაერში სროლით აღნიშნეს. ამბოხებულები აცხადებენ, რომ სირტეს აღების დროს არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში დიდი სამხედრო ბაზაა განლაგებული. მათი თქმით, კადაფის ძალები, შესაძლოა დედაქალაქ ტრიპოლისკენ იყვნენ  დაწეული.
 
სირტეში მყოფი უცხოელი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ ქალაქში ამ დროისთვის სიმშვიდეა. ერთი დღით ადრე, სირტეზე საჰაერო იერიში კოალიციურმა ძალებმა განახორციელეს. აღსანიშნავია, რომ ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა ლიბიაში მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო ოპერაცია ოფიციალურად გადაიბარა. გადაწყვეტილება ამის შესახებ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებმა გუშინ საღამოს მიიღეს.

NATO-ს წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ალიანსი ლიბიის ოპოზიციის მხარდაჭერას არ აპირებს და რომ მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვით შემოიფარგლება. თუმცა, კადაფის ხელისუფლება აცხადებს, რომ კოალიცია ნეიტრალიტეტს არ დაიცავს. ”დასავლეთმა და NATO-მ მკვეთრად განსაზღვრეს თავიანთი ბანაკი ამ კონფლიქტში. ეს კანონდარღვევაა. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ამის ნებას არ იძლევა. ბოლოს და ბოლოს, ეს ამორალურიც არის,” განაცხადა მუამარ კადაფის წარმომადგენელმა,  მუსა იბრაჰიმმა. 

კომენტარები