ბათუმში აზიზეს მეჩეთის აღდგენის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მოეწყო

ბათუმში აზიზეს მეჩეთის აღდგენის წინააღმდეგ დღეს საპროტეტსტო აქცია გაიმართა. რადიო თავისუფლების ცნობით, აქციაში 1500-მდე ადამიანი მონაწილობდა. აქციის ორგანიზატორი რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი მურმან დუმბაძე იყო. რესპუბლიკელების ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” განუცხადა, რომ მურმან დუმბაძე პარტიიდან სწორედ იმის გამო გარიცხეს, რომ მისი პოზიცია პარტიის წევრთა უმრავლესობისთვის მიუღებელი იყო.

ოთხი ტაძრის - ოშკის, ხანძთას, ოთხთასა და იშხანის აღდგენის შესახებ თურქეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები ორი წლის წინ დაიწყო და საპატრიარქოს პოზიციის გამო შეფერხდა. თურქულმა მხარემ ამ ტაძრების აღდგენის სანაცვლოდ, საქართველოს ტერიტორიაზე საბჭოთა მმართველობისას დანგრეული ოთხი მეჩეთის აღდგენა მოითხოვა. ოთხიდან ერთ-ერთი ბათუმის აზიზეს მეჩეთია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ 10 იანვარს განაცხადა, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები საბოლოო სტადიაშია და მალე დასრულდება. ამ განცხადებას მალევე მოჰყვა საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება, რომელშიც საპატრიარქომ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართვა მოითხოვა.

საპატრიარქოს ამ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. “ვინც ამბობს, რომ მეჩეთი არ უნდა აშენდეს, ცდება. ჩვენ ამით პირდპირ ვეუბნებით ხულოელ და მარნეულელ მუსულმანებს, რომ საქართველოში მათი ადგილი არ არის. მეჩეთების თემით სიტუაციის ამტუტება და სპეკულირება რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დაუშვებელია,“ აღნიშნა პრეზიდენტმა ”თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს სახელმწიფო, იაფფასიან დემაგოგიას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. საქართველო ეკუთვნის ყველას. ეს არ არის რელიგიური საკითხი. ეს პოლიტიკური და კულტურული მეკვიდრეობის საკითხია,“-აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები