ბრწყინვალე შედეგებისთვის

“თურმე როცა ხელოვნებას ემსახურები, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სად იბადები, სად ცხოვრობ და სად მოღვაწეობ...” – ეს სიტყვები ნინო ანანიაშვილმა, 16 მარტს, ევროპის სახლში გამართულ დაჯილდოებაზე წარმოთქვა. სწორედ ამ დღეს, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, იტალიის სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენით დაჯილდოვდა. ორდენი, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ სპეციალური მიმართვით საქართველოში ანანიაშვილს გამოუგზავნა, ენიჭებათ ადამიანებს, რომლებმაც ხელოვნებისა და კულტურის, მეცნიერებისა და სოციალურ სფეროში მოღვაწეობისას ბრწყინვალე შედეგებს მიაღწიეს და დიდი წვლილი შეიტანეს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მეგობრობის გაძლიერებაში. „თქვენი არაჩვეულებრივი შემოქმედებითი კარიერა და დაუღალავი შრომა, როგორც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წინამძღოლისა, იტალიელი ხალხის აღტაცებას იწვევს. ამ ყველაფერს უდიდესი წვლილი შეაქვს იტალიელი და ქართველი ხალხების ურთიერთობაში და აძლიერებს მათ შორის არსებულ კავშირებს”, – აღნიშნულია წერილში. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმმა თავის არქივში არსებული ექსპონატებიც გამოფინა: ძვირფასი თვლებითა და ლითონით გაფორმებული სასცენო კოსტიუმები, ფედერიკო ფელინის ხელნაწერი, ჟუზეპე ვერდის ფაქსიმილე, პეტრე ოცხელის ნამუშევრები, ელენე ახვლედიანის ნახატები და სხვა მრავალი. ექსპონატებმა მუზეუმის რედაქციით გამოცემულ კატალოგშიც მოიყარა თავი. 

ამავე კვირას, ნინო ანანიაშვილი ოპერისა და ბალეტის თეატრთან ერთად იტალიაში, გასტროლზე გაემგზავრა. 

კომენტარები