მოსკოვი აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილს ითხოვს

რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიის 160 კვადრატული კილომეტრის მითვისებას ცდილობს. რადიო ”ეხო კავკაზას” ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ეს ტერიტორია მთელი გაგრის რიონს მოიცავს - მდინარე ფსოუს მარცხენა სანაპიროდან რიწის ტბის ჩათვლით. აფხაზმა ჟურნალისტებმა  ვიტალი შარიამ და ინალ ხაშიგმა აფხაზეთის ხელისუფლების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გამოაქვეყნეს მასალა,  რომლის მიხედვითაც, რუსეთმა აფხაზეთსა და რუსეთს შორის ”საზღვრის დემარკაციის” საკუთარი პროექტი წარმოადგინა.  პროექტის მიხედვით,  აფხაზეთის ტერიტორიის 160 კვ კილომეტრი რუსეთის ფედერაციის  შემადგენლობაში გადადის.

აფხაზურმა   გაზეთმა ”ახალმა დღემ” არაოფიციალური არხებით გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა აფხაზეთის ”სადემაკაციო დელიმიტაციის” კომისიის თავმჯდომარეს, ვალერი კვაჩიას სთხოვა. ამ უკანასკნელმა  კომენტარზე უარი განაცხადა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის არც ერთ წარმომადგენელს არ უარუყვია.  ინალ ხაშიგის თქმით, აფხაზმა ჩინოვნიკებმა მასთან პირად საუბრებში განაცხადეს, რომ  რუსეთის ელჩმა აფხაზეთში   რუსეთსა და აფხაზეთს შორის დემარკაცია- დელიმიტაციის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების კონფიდენციალობის დაცვა მოითხოვა, ვიდრე საბოლოო დოკუმენტს არ მოწერება ხელი.

ინალ ხაშიგის თქმით, რუსეთის მხრიდან აფხაზეთის მიმართულებით ბოლო ორი წლის განმავლობაში წამოსული ”ფინანსური წვიმა სხვა არაფერია, თუ არა  წინასწარ მოფიქრებული და დაგეგმილი “ინვესტიცია” აფხაზეთის ოფიციალურ პირებში და აფხაზური ელიტის მოსყიდვა, რათა მათ  რუსეთის ინტერესების უმტკივნეულოდ გატარება უზრუნველყონ.”  ”ინვესტიცია ძალზე ეფექტური აღმოჩნდა -  ჩადებ მანეთს, ამოიღებ 100 მანეთს,” წერს აფხაზი ჟურნალისტი.

28 მარტს მოსკოვში აფხაზეთისა და რუსეთის ”დემარკაცია-დელიმიტაციის” კომისების  სხდომა გაიმართება.  აფხაზი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის ინტერესები აფხაზური ტერიტორიის 160 კვ კილომეტრიანი მონაკვეთისადმი ოფიციალურად სწორედ ამ სხდომაზე გაცხადდება.

აფხაზეთში რუსეთსა და აფხაზეთს შორის ”საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის” კომისია 2009 წელს  აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის ბრძანებით შეიქმნა. 

კომენტარები