#fbimage#http://www.tabula.ge/media/lit.png##fbimage#
16 მარტს ლიტერატურის მუზეუმში ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო „პოსტსაბჭოური შპაგატი“ გაიმართა. საღამოს გერმანიის საელჩო თბილისში და წიგნის „თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგია“ გამომცემლები, ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორები, მანანა თანდაშვილი და იოსტ გიპერტი მასპინძლობდნენ.წიგნის „თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგია“ პრეზენტაცია 9 ოქტომბერს ფრანკფურტში, წიგნის მსოფლიო ბაზრობაზე ფორუმ-დიალოგის პროგრამის ფარგლებში გაიმართა, ხოლო 12 ნოემბერს ქართველი მკითხველისთვის რუსთაველის თეატრში.
წიგნი საქართველოში, ბოლო 30 წლის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს ასახავს და მასში ექვსი თანამედროვე ქართველი მწერლის შვიდი ნაწარმოებია შესული, რომლებიც მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ქართული საზოგადოების ტრანსფარაცია, ომის ტრავმები და ინტეგრაციის პრობლემები.
საღამოზე წაიკითხეს ნაწყვეტები ნაწარმოებებიდან, რომლებიც წიგნშია შესული, შუალედებში კი გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურის ყოფილი სტიპენდიატები მუსიკალურ ნაწარმოებებს ასრულებდნენ.
„თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგიაში“ შესულია: ბასა ჯანიკაშვილის „აბსურდისტანი“, ლაშა ბუღაძის „ლიტერატურული ექსპრესი“, ზაზა ბურჭულაძის „passive attack” და „ადიბასი“, აკა მორჩილაძის „ტერცო მონდო“, დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ და ბესო ხვედელიძის „თაგვის გემო“.




