საჩუქარი ლიტერატურის მუზეუმს...

2011 წლის 4 მარტს ლიტერატურის მუზეუმის საგამოფენო სივრცემ  ერთგულ დამთვალიერებელს კიდევ ერთხელ უმასპინძლა. მოეწყო უნიკალური წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოფენა. სტუმრებმა საკუთარი თვალით იხილეს  მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოსული გამოცემები, რომლებიც თავად მუზეუმისათვისაც ახალ შენაძენს წარმოადგენს.

საქმე ის არის, რომ უკვე ერთი წელია, რაც ცნობილი ბიბლიოფილი დამიანე ალანია მუზეუმს უძველესი და საინტერესო გამოცემებით ამარაგებს. ეს იქნება წიგნები თუ ჟურნალ-გაზეთების მთელი კომპლექტი, უიშვიათესი გამოცემები, როგორც ქართულ ასევე რუსულ და გერმანულ ენებზე. მათი დიდი ნაწილი ლიტერატურული ხასიათისაა და ამიტომაც ბიბლიოფილის არჩევანი სწორედ ლიტერატურის მუზეუმზე შეჩერდა. მის მიერ წლების მანძილზე ნაგროვებიკოლექციიდან 10 ათასი ერთეული გამოცემა შესაბამის არქივში გადაინაცვლებს.   

გადაცემული კოლექციის ღირებულებითი შესწავლა ჯერ არ მომხდარა, თუმცა როგორც მუზუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე აღნიშნავს, პროცესი სულ მალე დასრულდება. მას შემდეგ, რაც მუზუმში შესაძლებელი გახდება დამიანე ალანიას სახელობის კაბინეტის მოწყობა და თითოეული გამოცემა საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება: მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, 1943 წელს ბერლინში გამოცემული მინიატურული  „ვეფხისტყაოსანი“, ფრიდრიხ ნიცშეს ტომეულები გერმანულ ენაზე, 1852 წელს გამოცემული ლოცვანი, სხვადასხვა ჟანრისა და ტიპის  ჟურნალ-გაზეთების მთელი სერია: „კვალი“, „ფასკუნჯი“, „კავკასიონი“, 1920-21 წლების „ეშმაკის მათრახი“, რომლის კარიკატურების დამატებაც „ჩვენი ტკბილი მეზობლები“ ანტიბოლშევიკურ განწყობას ეხმიანება. ის იდეოლოგიური დატვირთვით დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს განსაბჭოების პროცესებით დაინტერესებულთათვის.

ლიტერატურის მუზეუმი დღეს სამი მიმართულებით მუშაობს: პირველი ეს არის უნიკალური არქივის მოვლა-პატრონობა, სადაც 120 ათასზე მეტი ხელნაწერი და ფოტომასალა შედის, მეორე – ყოველდღიური აქტივობები, ლიტერატურული საღამოები, გამოფენები და ღონისძიებები, ხოლო მესამე – საგამომცემლო საქმიანობა. ამჯერად კი გამოფენაზე მოხვედრილი გამოცემების გადარჩევა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ისინი უახლოეს მომავალში, მუზეუმის არქივში დაიდებს ბინას. 

კომენტარები