კადაფის ვაჟის მტკიცებით, ლიბია სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებდა

ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კადაფის ვაჟმა, საიფ ალ ისლამ კადაფიმაც გააკრიტიკა. მისი თქმით, ლიბიის ხელისუფლება სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებდა. ”პირველი, რასაც ამ კლოუნისგან მოვითხოვთ, არის დააბრუნოს ის თანხა, რომელიც მან ლიბიიდან თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად მიიღო. სწორედ ჩვენ დავაფინანსეთ მისი კამპანია. ამისი დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი გვაქვს, და მზად ვართ გამოვაქვეყნოთ,” განაცხადა ტელეკომპანია ევრონიუსთან საუბრისას მუამარ კადაფის ვაჟმა ”ჩვენ მას დავეხმარეთ, რომ ის შემდეგ ლიბიელ ერს დახმარებოდა, თუმცა სარკოზიმ იმედი გაგვიცრუა,” დასძინა მან.
 
  გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტმა პირელმა არიარა ლიბიის ოპოზიციური ეროვნული საბჭო, როგორც ქვეყნის ერთადერთი კანონიერი მმართველი და საერთაშორისო საზოგადოებას ლიბიაზე წერტილოვანი დარტყმების განხორციელებისკენ მოუწოდა. სარკოზის განცხადებების საპასუხოდ, მუამარ კადაფიმ აღნიშნა, რომ საფრანგეთის ლიდერს ”ფსიქიკური პრობლემები” აქვს.

 ლიბიაში ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები 17 თებერვალს დაიწყო და სამოქალაქო ომში გადაიზარდა. კადაფის მომხრეებმა ოპოზიციური ძალების მიერ დაკავებული რამდენიმე ქალაქი აიღეს. უცხოური მედიის ცნობით, კადაფის მომხრეები ახლა ქალაქ ბენგაზისკენ მიიწევენ, რომელიც ოპოზიციის უკანასკნელ დასაყრდენს წარმოადგენს. 

კომენტარები