მუამარ კადაფი: სარკოზის ფსიქიკური პრობლემები აქვს

ლიბიის ლიდერმა, მუამარ კადაფიმ ევროპელ ლიდერებს საყვედური გამოუცხადა. იტალიურ გამოცემა Il Giornale -სთან საუბრისას კადაფიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების საქციელმა ევროპასა და ლიბიის ურთიერთობებს, შესაძლოა, „გრძელვადიანი დარტყმა“ მიაყენოს. კადაფის თქმით, ის დანებებას არ აპირებს. „ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე,“ აღნიშნა პოლკოვნიკმა, რომლის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები ლიბიაში სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

კადაფის განსაკუთრებული კრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დაიმსახურა. სარკოზიმ გასულ კვირას ლიბიის ოპოზიციური ეროვნული საბჭო პირველმა აღიარა, როგორც ქვეყნის ერთადერთი კანონიერი მმართველი და საერთაშორისო საზოგადოებას ლიბიაზე წერტილოვანი დარტყმების განხორციელებისკენ მოუწოდა. სარკოზის განცხადებების საპასუხოდ, კადაფიმ აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს „ფსიქიკური პრობლემები აქვს.“ კადაფიმ იტალიის პრემიერ მინისტრთან, სილვიო ბერლუსკონისთან ბოლო დროს გაფუჭებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა. „მე შოკში ვარ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მიღალატეს. არც კი ვიცი რა ვთქვა ბერლუსკონიზე,“ თქვა კადაფიმ.

კომენტარები