აშშ-ში თინეიჯერი ფეისბუქით გაგზავნილი მუქარის წერილების გამო დააკავეს

 ამერიკელი თინეიჯერი სოციალური ქსელის, ფეისბუქის მეშვეობით უმცროსკლასელების დაშინებისთვის დააკავეს. სამართალდამცველების მტკიცებით, 14 წლის მოზარდი ფეისბუქზე გამოგონილი სახელებით რეგისტრირდებოდა და რამდენიმე 12 წლის მოსწავლეს ემუქრებოდა. გამოცემა The Daily Mail-ის ცნობით, მიზეზად ეჭვმიტანილმა ის დაასახელა, რომ ბიჭები მისი მეგობარი გოგონას მიმართ ყურადღებას იჩენდნენ.

 დაზარალებულების მიმართ გაგზავნილ შეტყობინებებში მოზარდი მათ მოკვლით ემუქრებოდა. პოლიციამ ის თავის სახლში დააკავა და მოგვიანებით თავდებით გაათავისუფლა. სამართალდამცელებმა მას ბრალი სხვებისთვის ”შეურაცხყოფის მიყენებისა” და ”ტერორისტული მუქარისთვის” წაუყენეს. ”ინტერნეტის მეშვეობით თავდასხმა და მუქარა სერიოზული და მზარდი პრობლემაა,” განაცხადა პროკურორის მოადგილემ, ვოლტერ დირკინმა. მისი თქმით, კიბერსივრცისთვის დამახასიათებელი ანონიმურობის განცდა ახალგაზრდებს ”მეტ გამბედაობას ანიჭებს.” ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 14 წლის თინეიჯერს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

კომენტარები