Google-მა იაპონიაში სტიქიის შემდეგ დაკარგულთა საძიებლად სპეციალური საიტი გახსნა

კომპანია Google-მა იაპონიაში დღეს მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ დაკარგული ადამიანების საპოვნელად სპეციალური პროექტი შეიმუშავა. საიტიზე  japan.person-finder.appspot.com მომხმარებლებს შეუძლიათ  განათავსონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ეძებენ. ხოლო იმ ადამიანებს, ვინც დაკარგულად ითვლება, შეუძლიათ თავიანთი ადგილსამყოფელის შესახებ საიტის სპეციალურ განყოფილებაში დაწერონ. 

მსგავსი სისტემა კომპანია Google-მა უკვე გამოსცადა სხვა მასშტაბური სტიქიური უბედურებების დროს -  ჰაიტიზე, ჩილეში და ახალ ზელანდიაში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ. დღეს, Google-ის სპეციალური საიტის გაშვებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, საძიებელზე 6 700 ადამიანი დარეგისტრირდა.

იაპონიაში დღეს მომხდარი 8.9-ბალიანი მიწისძვრისა და მისგან გამოწვეული ცუნამის შედეგად, ბოლო მონაცემებით 300 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 88 ათასი ადამიანი დაკარგულად ითვლება. 

კომენტარები