ისაიკინი: რუსეთი ლიბიას იარაღს არ მიჰყიდის

რუსეთი მკაცრად დაიცავს ლიბიაზე გაეროს მიერ დაწესებულ სანქციებს და პოლკოვნიკ მუამარ კადაფის იარაღს არ მიჰყიდის. ამის შესახებ განცხადება რუსეთის იარაღის ექსპორტის სახელმწიფო სააგენტოს, როსობორონექსპორტის ხელმძღვანელმა, ანატოლი ისაიკინმა გააკეთა. მან რუსეთის ტექნოლოგიების სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ლიბიაზე დაწესებული სანქციების შედეგად რუსეთმა ოთხი მილიარდი დოლარის ზარალი ნახა, არასწორია. „მგონი  ის [კორპორაციის ხელმძღვანელი] გულისხმობდა დანაკარგს, რომელიც მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზეა მოსალოდნელი. საუბარი არა მხოლოდ უკვე ხელმოწერილ კონტრაქტებზეა, არამედ იმ საკითხებზე, რომლებზედაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა,“ აღნიშნა ისაიკინმა.

გასულ კვირას, გაზეთმა კომერსანტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთს ლიბიასთან 2 მილიარდი დოლარის  კონტრაქტები ჰქონდა დადებული იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით და „ახლოს იყო“ კიდევ 1.8 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტების დადებასთან.

როსობორონექსპორტის ხელმძღვანელმა სპეციალურ პრეს კონფერენციაზე რუსეთის მიერ გასულ წელს იარაღის გაყიდვით მიღებული შემოსავალიც შეაჯამა. მისი თქმით იარაღისა და სამხედრო მოწყობილობების გაყიდვით მოსკოვმა 2010 წელს 8.6 მილიარდი დოლარის მოგება ნახა. მან აღნიშნა, რომ ეს ციფრი 2009 წელთან შედარებით, 1 მილიარდით მეტია. იარაღის უმსხვილეს მყიდველებად ისაიკინმა ინდოეთი, ალჟირი და ჩინეთი დაასახელა. 

კომენტარები