ოჯახთან ახლოს

ამ სახლში ექვსი მოზარდი ცხოვრობს. ასაკით ყველაზე პატარა 12 წლის ალეკოა, უფროსი – 17 წლის ნათია. ცხრაზე სკოლაში უნდა იყვნენ. მანამდე თავიც უნდა მოიწესრიგონ და სახლის დალაგებაც მოასწრონ, ამიტომ აქ ფუსფუსი დილის შვიდი საათიდან იწყება. ყველაფერს თავად აკეთებენ, აღმზრდელიც ეხმარება. ეს მცირე საოჯახო ტიპის სახლი გახლავთ. გვერდით შენობაში აღმზრდელთან ერთად კიდევ რვა მცირეწლოვანი ცხოვრობს. ერთი წლის წინ ბავშვები საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის თავშესაფარში ერთად ცხოვრობდნენ, ოცდათორმეტნი იყვნენ და დღის განრიგიც სხვანაირი ჰქონდათ. ახლა ღამით გარეთ ვეღარ გადიან – შაბათ-კვირის გარდა თერთმეტ საათზე იძინებენ. მანამდე კი მეცადინეობენ და სხვადასხვა ხელობის შემსწავლელ წრეზე დადიან. რაც მთავარია, იქაურობა მოსწონთ და  ამბობენ, რომ მეგობრულად ცხოვრობენ. კუთხეშიც არავინ აყენებთ.

ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის მიზანი დიდი ზომის ინსტიტუციური დაწესებულებებიდან ბავშვების გაყვანა და მათი ოჯახურ გარემოში აღზრდაა. დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი 2004 წლიდან დაიწყო. საქართველოს კარიტასის თავშესაფარი ერთ-ერთი პირველი იყო, საიდანაც ზოგიერთი ბავშვი ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა, ზოგიერთი გაშვილდა ან მინდობით აღზრდაში გადავიდა. დარჩენილი მოზარდების ოჯახურ გარემოში აღსაზრდელად კი ორი მცირე საოჯახო ტიპის სახლი შეიქმნა. როგორც რეფორმის მესვეურები ირწმუნებიან, ოჯახის მიერ ინდივიდუალურად ბავშვის აღზრდის შემდეგ ეს მეთოდი საუკეთესოა. ამას საერთაშორისო პრაქტიკაც ადასტურებს. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მშობლიური გარემოს ტოლფასი ალტერნატივა სწორედ მცირე საოჯახო ტიპის სახლები და მინდობითი აღზრდაა. ეს უკანასკნელი მშვილებელი ოჯახისთვის ბავშვის დროებით გადაცემას გულისხმობს. მინდობით აღმზრდელს სახელმწიფო 200 ლარით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის შემთხვევაში კი – 350 ლარით ეხმარება.  

რეფორმის ფარგლებში დიდი ზომის ბავშვთა სახლების რაოდენობა, სადაც 6-18 წლამდე მოზარდები ცხოვრობენ 46-დან 18-მდე შემცირდა, ხოლო კონტინგენტი – 5000-დან 1000-მდე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის’’ ფარგლებში 2010 წელს ბავშვთა სახლების შეფასება ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ ამ სახლებში მყოფ აღსაზრდელთა 30-35%-ის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, 18-10%-ის მინდობით აღზრდაში გადაყვანა ან გაშვილებაა შესაძლებელი. დარჩენილი ბავშვები (580-მდე) კი ინსტიტუციების ნაცვლად მცირე საოჯახო სახლებში ეტაპობრივად გადანაწილდებიან. ამისთვის წელს ორმოცამდე, ჯამში კი 70-ზე მეტი მცირე საოჯახო ტიპის სახლის ამოქმედებაა დაგეგმილი.

დიდი ზომის ინსტიტუციების გაუქმების აუცილებლობაზე საუბრობენ ბრიტანულ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Every Child-შიც. ეს ორგანიზაცია საქართველოში ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმირებაზე 1998 წლიდან მუშაობს.  დირექტორის, ანდრო დადიანის თქმით, რეფორმის განხორციელების სისწრაფის მიხედვით საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის მოწინავე ადგილზეა. ეს, მისი თქმით, ბოლო ორი წლის შრომის შედეგია. მართალია დადიანი დიდი ინსტიტუციების დაშლას დადებითად აფასებს, თუმცა თვლის რომ არ არის საჭირო ამ რაოდენობის მცირე საოჯახო ტიპის სახლები. მისი აზრით უკეთესი იქნება თუ აქცენტი გაკეთდება ბავშვების მინდობით აღზრდაზე და არსებული ფინანსებიც ამ მიმართულებით დაიხარჯება. მისი თქმით, აღსაზრდელების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს პრობლემებიც, ბავშვთან ინდივიდუალურად მუშაობის ხარისხი დაბლდება, ხოლო რაოდენობის შემცირებას თან დაფინანსების კლება მოჰყვება.

პრობლემები რომ ჯერ კიდევ აქვთ, ამაზე საქართველოს კარიტასის მცირე საოჯახო დაწესებულებებშიც საუბრობენ. ეს კარგად იციან Every Child-შიც.  Every Child-ი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ალტერნატიულ მომსახურების ცენტრს რუსთავში მართავს. ამ მცირე საოჯახო ტიპის სახლში მოზარდები სოციალურმა მუშაკებმა რუსთავის ბავშვთა სახლის დაშლის შემდეგ გადმოიყვანეს. ანდრო დადიანი მიიჩნევს, რომ ვაუჩერული დაფინანსების  სისტემა მოუქნელია. თითოეული ბავშვის აღსაზრდელად სახელმწიფო სერვისს არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან შეისყიდის, როგორც ეს უმეტეს განვითარებულ ქვეყანაში ხდება. ჩვენთან დაფინანსების სისტემა მიბმულია ბავშვების რაოდენობაზე.  გათვლილია, რომ თითოეულ სახლში რვა აღსაზრდელმა უნდა იცხოვროს. Every Child-ის დირექტორის თქმით, დაფინანსების ამ სისტემით სახლის ფუნქციონირებას ერთი ბავშვის წასვლაც კი საფრთხის წინაშე აყენებს. კომუნალური გადასახადებისა და აღმზრდელთა ხელფასები ხომ აღსაზრდელთა რაოდენობის ცვლილების მიუხედავად მხოლოდ უმნიშვნელოდ მცირდება.

თანხის სიმწირეზე კარიტასის მცირე საოჯახო ტიპის სახლის ერთ-ერთი აღმზრდელი, ზიზიც საუბრობს, თუმცა რაოდენობის გამო ფინანსური პრობლემა მათ არ შექმნიათ: მათი ერთ-ერთი აღსაზრდელი სულ მალე ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდება, მაგრამ სოციალურმა მუშაკებმა უკვე შეარჩიეს აღსაზრდელი გოგონა, რომელიც ნათიას ჩაენაცვლება.

რესპონდენტთა თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, ბავშვებთან კომუნიკაციის სირთულეა. გარდა ამისა, მათი ნაწილი რთულად ეგუება ცხოვრების ახალ წესს. ამ პროცესში  უმნიშვნელოვანესი როლი აღმზრდელს ენიჭება, კვალიფიციური აღმზრდელების მოძიება კი არც ისე მარტივია. დაწყებულია მათი შეფასება-გადამზადების პროცესიც, რომელიც USAID-ის, პოლონური ორგანიზაციის – ჩვენი სახლისა და Every Child-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

გადამზადებული აღმზრდელები სხვადასხვა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადანაწილდებიან. თითოეულ ოჯახში ერთი დედობილი და ერთი მამობილი ხუთი დღის განმავლობაში ბავშვებთან ერთად იცხოვრებს, შაბათ-კვირას კი მათ „ბიძა-დეიდა” ჩაანაცვლებს. რუსთავის მცირე საოჯახო ტიპის სახლში დედობილ-მამობილის ინსტიტუტი უკვე დამკვიდრდა, თუმცა, დადიანის თქმით, რამდენიმე თვის წინ აღმზრდელების შეცვლა მოუხდა – ბავშვები ვერ ეწყობოდნენ. კარიტასში აღზრდის სხვა მოდელია. თითოეულ სახლში ორი ძირითადი აღმზრდელია (ერთი გოგო, ერთი ბიჭი). ისინი სამ-სამ დღეს მორიგეობენ. დღის განმავლობაში დამხმარე აღმზრდელი, ზიზი ეხმარება, კვირაში ერთხელ კი ღამით მორიგეობს. თავდაპირველი გეგმით, დედობილ-მამობილს აქაც ხუთი დღე უნდა გაეტარებინა ბავშვებთან, თუმცა ამ პირობებზე არავინ წამოვიდა. მცირე საოჯახო ტიპის სახლებში დედობილ-მამობილებს ხელფასი 350 ლარი აქვთ, დამხმარე აღმზრდელს კი 120 ლარი.

რაც შეეხება მზრუნველობამოკლებულ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, ისინი დღესდღეობით კოჯრისა და სენაკის ბავშვთა სახლებში ცხოვრობენ. როგორც ბავშვზე ზრუნვის სააგენტოს უფროსი ეკა სანებლიძე ამბობს, დაგეგმილია მათი მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადაყვანა, მაგრამ არა წელს. ე.წ. ქუჩის ბავშვებისთვის შექმნილია გლდანის კრიზისული ცენტრი. დღესდღეობით აქ ის 28 ბავშვი ცხოვრობს, ვინც გლდანის ადაპტაციის ცენტრში გამოსაკვებად და დასაძინებლად საკუთარი სურვილით დადიოდა. გლდანის კრიზისული ცენტრი 40-მდე ბავშვზეა გათვლილი. ამჟამად სააგენტოში ე.წ. ქუჩის ბავშვებთან დაკავშირებულ კონცეფციაზე მუშაობენ.

კომენტარები