ჯონ გალიანოს ნახევარწლიანი პატიმრობა ემუქრება

ცნობილ ბრიტანელ დიზაინერს, ჯონ გალიანოს, რომელსაც ანტისემიტური განცხადებების გაკეთებაში სდებენ ბრალს, ნახევარწლიანი პატიმრობა ემუქრება. საფრანგეთის პროკურატურის განცხადებით, გალიანოს სასამართლო პროცესი რამდენიმე თვეში დაიწყება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ექვსი თვის ციხეში გატარება მოუწევს.

თავად გალიანომ, რომელიც ინციდენტის შემდეგ დიორის მოდების სახლმა სამსახურიდან დაითხოვა, მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა. ”ანტისემიტიზმს და რასიზმს ჩვენს საზოგადოებაში ადგილი არა აქვს,” განაცხადა გუშინ 50 წლის დიზაინერმა. ამასთანავე, გალიანომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უარყო და დასძინა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით პოლიციასთან თანამშრომლობს.

ჯონ გალიანო გასულ ხუთშაბათს პარიზში დააკავეს მას შემდეგ, რაც სამართალდამცველების თქმით, მან ერთ-ერთ კაფეში მსხდომ წყვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  დაზარალებულების მტკიცებით, გალიანომ ანტისემიტური განცხადებები გააკეთა.  მოგვიანებით გალიანო გაათავისუფლეს, თუმცა მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ინტერნეტში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ბრიტანელი დიზაინერი კაფეში მსხდომ ორ ქალბატონს ხმამაღლა მიმართავს: ”მე მიყვარს ჰიტლერი!.” სწორედ ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ განაცხადა დიორის სახლმა გალიანოს სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.

კომენტარები