მომავალ შემოდგომა-ზამთარში

დასრულდა ლონდონის 2011/12 მოდის (შემოდგომა-ზამთარი) კვირეული, რომელსაც წინ ნიუ იორკის ჩვენებები უძღოდა. ნიუ იორკში გამართულ კვირეულზე მთავარი ტენდენცია, ალბათ, ამერიკული კულტურით შთაგონებული კოლექციები და ახალგაზრდა დიზაინერების სიმრავლე იყო. სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობის შემდეგ მოდელიორები თავიანთ ბრენდებს ამკვიდრებენ. მათ შორის საინტერესო ჯასონ ვუს და ტაჰუნ პანიგულის ჩვენებები გახლდათ. ჯასონ ვუს ასეთი წარმატება ნაწილობრივ მიშელ ობამას დამსახურებაა, რადგან სწორედ მის მიერ შექმნილი თეთრი კაბა ეცვა პირველ ლედის პრეზიდენტ ობამას ინაუგურაციაზე.
 
ლეგენდარულმა დაიან ფონ ფურსტენბერგმა ამერიკის სხვა ლეგენდარული ქალები – მილისენტ როჯერსი, გლორია ვანდერბილტი და დაიანა ვრილანდი კოლექციის ინსპირაციად დაასახელა. დიზაინერის ასისტენტმა იუვენ მისპელარემ  ფურსტენბერგის 70-იან  წლებში გადაღებული  ესპანურ თავსაბურავიანი ფოტო იპოვა. მან ეს ქუდი ჩვენებაზე გააცოცხლა და ყველაფერ ამას კონტრასტული გრაფიკა, ფერები და ქალური სილუეტი დაუმატა. მომავალი შემოდგომა-ზამთრისათვის ფურსტენბერგი ჭრელ ტანსაცმელს, ინტენსიურ ფერებს და ტყავის მაღალ ჩექმებს გვირჩევს.


Proenza Schuler-მა (ჯეკ მაკულიქი და ლაზარო ჰერნანდესი) ამერიკელი ინდიელების  ხელოვნებით შთაგონებული კოლექცია წარმოადგინა – სხვადასხვა ტომის საბნებით მათი გეომეტრიული ორნამენტი ნარინჯისფერი, ყავისფერი და ყვითელი ტონალობის გრაფიკულ ზედაპირებად აქციეს. გამოიყენეს ტყავი, ჟაკარდი, ნაქსოვი ტექსტილი და შექმნეს ურბანული კოლექცია ძლიერი, მკაცრი სილუეტით.
მაღალი კლასის კოლექციები აჩვენეს  Rodarte-მ, მარკ ჯაკობსმა, ტომ ბრაუნმა და დონა კარანმა.
 
ლონდონის კვირეულის ფარგლებში სასტუმრო Ritz-ში პრესკონფერენცია გაიმართა. ანა ვინტურმა და სტელა მაკარტნიმ მეტროპოლიტენ მუზეუმში ალექსანდრ მაქქუინის  შემოქმედების ამსახველი გამოფენის, Savage Beauty-ს შესახებ ისაუბრეს. გამოფენაზე ნამუშევრებს მისი ყველა კოლექციიდან წარმოადგენენ. დამთვალიერებელი დიზაინერის არქივიდან უცნობ არტეფაქტებსაც იხილავს. გამოფენა 2 მაისს გაიხსნება და ორ თვეს გასტანს.
ლონდონს დაუკავშირა თავისი ახალი მარკეტინგული სვლა ცნობილმა დიზაინერმა და ახლა უკვე რეჟისორმა ტომ ფორდმა. მისი ახალი კოლექცია მედიისთვის მიუწვდომელი იყო, დახურულ ჩვენებაზე მხოლოდ 100 რჩეული სტუმარი მიიწვიეს – არავითარი ბლოგერები, ჟურნალისტები და ინტერნეტ-ლაივი. სტუმრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებაზე, რომელიც ორი თვის მანძილზე ნანახის მკაცრ საიდუმლოდ შენახვას ითვალისწინებს. ამ იდუმალებით მან უფრო დიდი მოლოდინი და სავარაუდო გაყიდვების ზრდა გამოიწვია. ტომ ფორდმა აღნიშნა:
 
„მე მინდა მოდა იყოს ისეთი, როგორც ეს 60-იან წლებში გვახსოვს. ლამაზი ტანსაცმელი ლამაზ ქალს ქმნის, მაგრამ ყოველთვის ვერ ქმნის მოდის სიახლეს. ამჯერად  არ მსურს გამაკრიტიკონ”.
 
ლონდონის კვირეულზე ცნობილი  მოდის სახლები გამოვიდნენ – Paul Smith, Viviene Westwood Red Label, Burbery Prorsum, Aquascutum. თითოეულმა მათი ბრენდებისათვის დამახასიათებელი კოლექციები წარადგინა – მაღალი ხარისხის ქსოვილებით და, რა თქმა უნდა, კონკრეტულ მომხმარებელზე გათვლილი. ბრიტანეთი ჩვეული რევოლუციური მუხტით და ავანგარდული იდეებისადმი გახსნილი დამოკიდებულებით გამოირჩევა, მით უმეტეს, როცა საქმე ჩაცმას და ტანისამოსს ეხება. ამის დასტურია ლონდონის მოდის კვირეულიც, რომლის დიდ ნაწილს ახალი სახეები და შედარებით მოკლე ისტორიის მქონე ბრენდები წარმოადგენენ. Acne მესამე სეზონია ქმნის კოლექციებს და ლონდონში აჩვენებს. მათი ანდროგინული სტილი მინიმალური გამომსახველობით მაქსიმალურ ეფექტს გულისხმობს. მერი კატრანცუმ წელს მეოთხე დამოუკიდებელი კოლექცია შექმნა. ამჯერად მან ფაბერჟეს სააღდგომო კვერცხები და მინგის პერიოდის ფაიფური მისთვის ჩვეულ სკულპტურულ კაბებზე ციფრული ბეჭდვით გადაიტანა.  სიახლე მის კოლექციაში უფრო ჰაეროვანი, განიერი კაბების გამოჩენა იყო.
 
ლონდონის შემდეგ კომერციული მოდის მექა – მილანი გველის.

კომენტარები