ჩავესმა კადაფის დახმარება შესთავაზა

ვენესუელას პრეზიდენტმა უგო ჩავესმა და ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ ლიბიაში სამშვიდობო მისიის ჩამოყალიბების შესაძლებლობა განიხილეს. ტელეკომპანია BBC-ს ცნობით, მისიის ჩამოყალიბების იდეა  ჩავესს ეკუთვნის. ვენესელას პრეზიდენტის თქმით, სამშვიდობო მისიის წარმომადგენლები ლიბიაში სიტუაციის დარეგულირების მიზნით შუამავლის როლს იკისრებენ.

ეს ინფორმაცია ვენესუელას ინფორმაციის მინისტრმა, ანდრეს იზარამა სოციალური ქსელის, ტვიტერის საშუალებით დაადასტურა. თუმცა მას ორ ლიდერს შორის დიალოგის დეტალები არ დაუკონკრეტებია. უცხოური მედიის ვარაუდით, საუბარია ”მეგობარი ქვეყნების” ბლოკის შექმნაზე, რომლებიც ლიბიის კრიზისის გადაჭრას შეეცდებიან. ”ძალადობას, რომელიც ლიბიაში ხდება, დიპლომატიით უნდა დავუპირისპირდეთ და არა სამხედრო მუქარით,” განაცხადა ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოლას მადურომ.

ლიბიაში კი კადაფის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. გუშინ გვიან საღამოს ოპოზიციურმა ძალებმა ნავთობმოპოვების მნიშვნელოვანი ცენტრი, ქალაქი ბრეგა აიღეს. თუმცა, ტელეკომპანია ევრონიუსის ცნობით, ამას წინ გააფთრებული ბრძოლები და საჰაერო დარტყმები უსწრებდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კადაფის მომხრეებმა დღეს დილიდან ქალაქზე საჰაერო იერიში კვლავ განაახლეს. საინფორმაციო სააგენტო როიტერი იუწყება რომ იბომბება ქალაქი აჯდაბიაც. ტელეკომპანია BBC ასევე იუწყება, რომ ლიბიელმა სამხედრო მოსამსახურეებმა სამი ჰოლანდიელი ჯარისკაცი აიყვანეს ტყვედ. შემთხვევა კვირას მოხდა, თუმცა ამის შესახებ ჟურნალისტებმა დღეს შეიტყვეს.

პოლკოვნიკ მუამარ კადაფის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ლიბიაში 17 თებერვალს დაიწყო და ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა.


კომენტარები