ლიბიის ოპოზიცია გეგმავს უცხო ქვეყნებს საჰაერო დარტყმების განხორციელება სთხოვოს

ლიბიელი ოპოზიციონერები აპირებენ საერთაშორისო საზოგადოებას სამხედრო დახმარება სთხოვონ. ამის შესახებ ოპოზიციური კოალიციის სპიკერმა, მუსტაფა  გერიანიმ საინფორმაციო სააგენტო როიტერთან საუბრისას განაცხადა. ”შესაძლოა, ჩვენ  ვითხოვოთ სტრატეგიულ ობიექტებზე საჰაერო დარტყმების განხორციელება, რათა პოლკოვნიკ კადაფის კუბოს ბოლო ლურსმანი დავაჭედოთ,” აღნიშნა გერიანიმ. დღეს დილიდან მუამარ კადაფის მომხრე და მოწინააღმდეგე ძალებს შორის ბრძოლები ლიბიის ერთ-ერთ ქალაქ ბრეგაზე კონტროლის დასამყარებლად მიმდინარეობდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ კადაფის მომხრეთა შეტევა მოგერიებულია და ქალაქს კვლავ რევოლუციონერები აკონტროლებენ.

ტელეკომპანია BBC -ს ცნობით, აშშ-მ ლიბიაში ორი სამხედრო  ხომალდი და 400 სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა. აშშ-ს თავდაცვის მინისტრის, რობერტ გეიტსის თქმით, ვაშინგტონი ლიბიაში მიმდინარე ძალადობის საპასუხოდ პრეზიდენტ ობამას მიერ შეთავაზებულ რამდენიმე სამოქმედო გეგმას განიხილავს. ამასთან, პენტაგონში აცხადებენ, რომ ლიბიაში მიმდინარე დაპირისპირებაში აშშ-ს სამხედრო ჩარევა ”ნაკლებად სავარაუდოა.”

დღეს ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში მიმდინარე არაბული ლიგის სამიტზე არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ლიბიაში მიმდინარე მოვლენები არაბული ქვეყნების ”საშინაო” საქმეა და რომ ”უცხო ქვეყნების ინტერვენცია საჭირო არ არის.”  არაბული ლიგის წარმომადგენლებმა ლიბიის ხელისუფლებას მოსახლეობის ”სამართლიანი მოთხოვნების” პატივისცემისა და ქვეყანაში მიმდინარე ძალადობის წინააღმდეგ ”გაბედული” გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდეს.

ლიბიაში ქვეყნის ლიდერის, მუამარ კადაფის წინააღმდეგ აქციები 17 თებერვალს დაიწყო. პოლკოვნიკმა, რომელიც ქვეყანას თითქმის 42 წელია მართავს, ოპონენტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. ლიბიაში მიმდინარე დაპირისპირებებს ოფიციალური მონაცემებით 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.  ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების გამო გუშინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ლიბია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხა. ექსპერტების აზრით, ეს ”უპრეცედენტო” ნაბიჯი პოლკოვნიკ კადაფის საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს. თავად კადაფი მსოფლიო ლიდერების კრიტიკას არ იზიარებს და აცხადებს რომ ლიბიელ ხალხს  ის ”უყვარს.” ”ისინი მზად არიან ჩემს გამო მოკვდნენ კიდეც,” განაცხადა უცხოელ ჟურნალისტებთან საუბრისას 69 წლის პოლკოვნიკმა.

კომენტარები