როგორ ჩამოვიდა “ოქროს საწმისის” ორდენი ქალაქ ცვეტლში

ბრუნო ბაუმგარტნერი ცვეტლში (ქალაქი ქვემო ავსტრიაში) მნიშვნელოვანი ფიგურაა: სულ რაღაც ორი თვის წინ, მან ქალაქს საქართველოს უმაღლესი “ოქროს საწმისის” სახელობის სახელმწიფო ორდენი მოუტანა.
 
“მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლესა და ქალიშვილებს, რომლებსაც 25 წლის წინ ცვეტლიდან აბარგება და ჩემთან ერთად თურქეთის ყველაზე მიყრუებულ მხარეში სახეტიალოდ წამოსვლა მოუწიათ”, – განაცხადა დოქტორმა ბაუმგარტნერმა 15 თებერვალს, შპარკასენზაალში – ავსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის საკონფერენციო დარბაზში, სადაც დამსწრე საზოგადოებას ტაო-კლარჯეთში ჩატარებულ მრავალწლიან კვლევაზე მოხსენება წარუდგინა.
 
ცვეტლის გიმნაზიის ლათინურის, ისტორიისა და ფილოსოფიის პროფესორი, ფაქტობრივად, ერთადერთი სპეციალისტია, რომელმაც ტაო-კლარჯეთი საბჭოთა პერიოდში გამოიკვლია. უნიკალურია 25 წლის მანძილზე დაგროვილი ის ფოტომასალაც, რომელიც ტაო-კლარჯეთის მე-9-მე-11 საუკუნეების
ტაძრების ნგრევის პროცესს ასახავს.

მოხსენება სახელწოდებით “როგორ ჩამოვიდა “ოქროს საწმისის” ორდენი ცვეტლში” ტაო-კლარჯეთში ბაუმგარტნერების ოჯახური ექსპედიციების ერთგვარი რეტროსპექტივა იყო – დოკუმენტური ფოტოკოლაჟი პროფესორის კომენტარებით, ანატოლიაში არსებული თითოეული ქართული ძეგლის
ისტორიას, დღევანდელ მდგომარეობასა და მსოფლიო კონტექსტში მნიშვნელობას წარმოაჩენდა.

ბაუმგარტნერმა ტაო-კლარჯეთი 1982 წელს, ანატოლიაში მოგზაურობისას, შემთხვევით აღმოაჩინა. ამ ადგილის შესახებ ინფორმაციის მოძიება დაიწყო, თუმცა, 1917 წლით დათარიღებული რუსულენოვანი ლიტერატურისა და თანამედროვე მკვლევართა მიმოფანტული ნაშრომების გარდა, ვერაფერს მიაგნო. სწორედ ამ ინფორმაციულმა დეფიციტმა უბიძგა პროფესორს ტაო-კლარჯეთის ძირეულად გამოკვლევისკენ. მეცნიერის თქმით, ანატოლიაში არსებულ ქართულ ტაძრებს მსოფლიო კულტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ, რომელსაც ევროპა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ იცნობს. ამის მიზეზად თანამედროვე დასავლურ ენებზე გამოცემული სამეცნიერო მონოგრაფიებისა და სხვა სახის ინფორმაციული მასალის არარსებობას ასახელებს.
 
როგორც ცნობილია, ტაო-კლარჯეთის შესახებ შემდეგ მოხსენებას პროფესორი ბაუმგარტნერი 14 აპრილს, ჰამერ-პურგშტალ-ორიენტის საზოგადოებაში (ავსტრიის აღმოსავლური საზოგადოება) წაიკითხავს. სავარაუდოდ, ამას ბოსტონში, Tufts Education-ში ლექცია მოჰყვება.

კომენტარები