Facebook-მა რა ჰქმნა?!

18 თებერვალს, თიბისი ბანკის ინიციატივით, კლუბ-რესტორანში Two Side ბლოგერების პირველი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული „Facebook-მა რა ჰქმნა” ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ 1000-იანი ტირაჟით დაბეჭდა. მასში 37 ავტორის ნაწარმოებია შესული, რომლებიც ინტერნეტკონკურსით აირჩა.
 
თიბისი სმარტ კლუბის Facebook-ის გვერდზე რამდენიმე თვის წინ ბლოგპოსტების კონკურსი გამოცხადდა. მასში მონაწილეობა 118-მა ბლოგერმა მიიღო. კონკურსის გამარჯვებული, ტრადიციულად „ლაიქების” საშუალებით გამოვლინდა. გარდა ამისა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის რედაქტორებმა, წარმოდგენილი ნამუშევრებიდან 37 საუკეთესო ამოირჩიეს და ბლოგერების პირველი, ბეჭდური კრებული გამოსცეს. ზოგიერთი ნაწარმოები ავტორებმა სპეციალურად ამ წიგნისთვის გამოაგზავნეს. კრებულის სახელი, „Facebook-მა რა ჰქმნა”, მასში შესული ერთ-ერთი ნაწარმოების სათაურია.
 
Two Side-ში პრეზენტაციამ პომპეზურად, საზეიმო ვითარებაში ჩაიარა. გარდა წიგნის პრეზენტაციისა, იქ შეკრებილ ინტერნეტმომხმარებლებს ერთმანეთის და ავტორების გაცნობის საშუალება მიეცათ. სადღესასწაულო განწყობას უფასო კოქტეილ-ბარი და თიბისი სმარტ კლუბის ფერებში გადაწყვეტილი ტორტი აძლიერებდა, რომელსაც ასეთივე მაისურებში გამოწყობილი ბლოგერები ფერადი კრემით „რთავდნენ”.
სოციალური მედია საქართველოში ჯერ კიდევ ახალი ხილია, ამიტომაც გასაოცარი არაა, რომ ბლოგერების ბეჭდური კრებული პირველად გამოიცა. თუკი წამოწყება გაამართლებს, შესაძლოა, ამან ტრადიციული სახეც მიიღოს.
 

კომენტარები