ლიბიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ

ლიბიაში მყოფი საქართველოს ოთხი მოქალაქე სპეციალური რეისით დღეს დილით სამშობლოში დაბრუნდა. ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2 იუწყება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

სამინისტროს წარმომადგენლებმა გუშინ განაცხადეს, რომ საქართველოს ოთხი მოქალაქის, მათ შორის ორი ქალის, ევაკუაცია თავის თავზე იმ თურქულმა კომპანიამ აიღო, რომლისთვისაც ისინი ლიბიაში მუშაობდნენ. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოში გამგზავრებამდე, ბოლო ორი დღის მანძილზე ოთხივე მათგანი ლიბიის დედაქალაქის, ტრიპოლის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა.  სასტუმროს სამხედრო მოსამსახურეები იცავდნენ. ლიბიაში საქართველოს საკონსულო ან საელჩო არა აქვს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს მოწოდა თავი შეიკავონ ისეთ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც ამ დროისთვის არასტაბილური ვითარებაა.

ლიბიაში ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის  დაპირისპირებებს ასობით ადამიანი ემსხვერპლა. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეტაკებების დროს 1000-მდე ადამიანი დაიღუპა.
 

კომენტარები