მაკლარენმა სუპერავტომობილის ფასი გამოაცხადა

როგორც იქნა, მაკლარენმა თავისი ახალი სუპერავტომობილის, მაკლარენ MP4-12C-ს ფასი გამოაქვეყნა. ავტომობილი, რომელიც ინგლისურმა კომპანიამ საზოგადოებას შარშან წარუდგინა, 229 ათასი დოლარი ეღირება.

ფასიდანაც ჩანს, რომ ამ ავტომობილით მაკლარენი კონკურენციას ფერარის და ლამბორგინის შესაბამისი კლასის ავტომობილებს გაუწევს – ამათგან 458 იტალია 225 ათასი დოლარი, გალიარდო LP-570-4 კი 237 ათასი დოლარი ღირს (სამივე ფასი აშშ-ის ბაზრისთვისაა).

რა თქმა უნდა, მაკლარენის მიერ გამოცხადებული ფასი გაიზრდება, თუ მყიდველი საბაზო ავტომობილს არ დასჯერდება და მის საკუთარი გემოვნების შესაბამისად გაწყობას ისურვებს. კერძოდ, ინგლისური კომპანია თავის კლიენტებს განსხვავებულ ბორბლებს, სხვა ფერში შეღებვას და პროფესიონალური კამერების დაყენებას სთავაზობს, რომლებითაც სატრეკო დღეების დროს, საკუთარი რბოლის ვიდეოგადაღება იქნება შესაძლებელი.

სხვათა შორის, მაკლარენ MP4-12C-ს ფასის გაგება და შესაბამისი თანხის ქონა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ავტომობილის შეძენას შეძლებთ, რადგან მასზე უკვე რიგები დგას. არადა, მაკლარენს მანქანის წარმოება ჯერ არ დაუწყია. და კიდევ, მაკლარენ MP4-12C ბოლო ათ წელიწადში პირველი საგზაო ავტომობილია, რომელსაც მაკლარენი გამოუშვებს.

MP4-12C მაკლარენის წარმოების 3.8-ლიტრიანი V8 აგრეგატითაა აღჭურვილი, რომელსაც წყვილი ტურბოკომპრესორი ემსახურება. ძრავი 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მასთან კი ორდისკოიანი ქურის მეშვეობით, 7-საფეხურიანი კოლოფი (SSG) უწყვილდება. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან სტანდარტული აჩქარება (100 კმ/სთ-მდე) დაახლოებით 3 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 321 კმ/სთ-ს აღწევს.

მყიდველს შეუძლია, არჩევანი სალონის 14 გაფორმებას შორის გააკეთოს. გარდა ამისა, შესაძლებელია სპორტული გამოსაბოლქვი სისტემის და კარბონ-კერამიკული მუხრუჭების დაყენება. მყიდველს ასევე ძრავის კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული დეტალებით გაფორმებას შესთავაზებენ

კომენტარები