ხიდჩატეხილობა (ეროტიკული წარსული და აწმყო)

ჩემსა და ახალ თაობას შუაში უღრმესი ესთეტიკური უფსკრული გვიძევს — დიახ, დიახ! იმაზე ღრმა, ვიდრე ვთქვათ, მამაჩემის ასაკის ხალხთან გვაშორებს. დაწვრილებით მოგახსენებთ:
ბავშვობიდან მოგონებად თუ რამე, როგორც ცალკე აღებული სცენა შემომრჩა, უპირველესი ესეცაა: ზაფხული. აივანზე ვწევარ. გრანდიოუზლი წიგნი ”გურია მწვანე ლაჟვარდში” მაქვს და დაკვირვებით ჩავყურებ. დაკვირვება-გაკვირვებითვე მიყურებს ბებიაჩემი (მწვანე ლაჟვარდში ჩაის კრეფისა და სხვა საიდუმლოებები ეწერა). მთვარი, რაც მან არ იცის, ისაა, რომ წიგნში წიგნი მიდევს — ირინე (ზოგან ზაიარა) ავერბახის ”ჭაობი”. ეს საოცარი გამოცემა, ოდნავ კრემისფერი გარეკანით, პეტიტის ზომის შრიფტით, იშვიათი პორნოსცენებით... ოჰ, ეს ჟანა და დედამისი (რა ერქვა?)... მოკლედ პირველი ქართული თამამი წიგნი 90-იანებში — ეს გვიანდელი შეფასებაა, მაშინ საერთოდაც პირველი წიგნი იყო ჩემთვის (კლასიფიკაციით).

აღარ ვსაუბრობ რუსულ ჟურნალებზე — ყდაზე ელცინით და უკან ქალებზე შიშველი მკერდითურთ, უფრო გვიანდელ ”ძინ-ძინ”-ზე, მიწისქვეშა გამოცემასავით რომ ვრცელდებოდა სკოლაში — მხოლოდ წიგნებზე მოგახსენებთ.

ჰოდა ”ჭაობის” საქმე გასკდა და დამიმალეს. ამას მოყვა ორი იმედგაცრუება — პირველი მორავიას ”ჩოჩარა” იყო, შიშველი ქალი ეხატა და მოვკვდი ფურცლების გამოტოვებით და მეორე — ჯავახიშვილის ”ჯაყოს ხიზნები”, რომელზე ”ნაკოლიც” ერთმა მომცა, მერე ნათესავთან ვნახე და ის გვერდები ამოხეული იყო... ეჰ, მახსოვს როგორ მიყვებოდა ჩემი კლასელი, რომ სახლში კამასუტრა ჰქონდა, როგორ აღმიწერდა თითოულ სურათს და ისე მშურდა მისი, როგორც ახლა, ვთქვათ... არ ვიცი, შემშურდება კი რამის ასე?

ჩემი მაძიებელი სული (თუ სხეული) იქამდე დაეცა, რომ გაჭირვებაში ”ახლაგაზრდა ცოლ-ქმრის ცხოვრების წესები”-ც კი წავიკითხე. უკანასკნელი იმ დროის ამბებიდან, რაც მახსენდება, სადღაც გადავაწყდი და ვინმე სერგეი ლიბიხის ”სიყვარულის ჰარმონიას” დავეწაფე. მოკლედ სხვა ამბავი გახლდათ, სად იყო ეს ყბადაღებული ინტერნეტი (ვიდეოამბავიც გვიან შემოვიდა), თავის პორნოთუბი გიგანტებით — ანეტა შვარცებით, კრისიტინა როუზებით და საშა გრეიებით (უკანასკნელი, როგორც მისი CV გვამცნობს, ინტელექტულია და ბოდრიარს კითხულობს).

მოკლედ ძალიან განვსხვავდებით. ერთადერთი რაც გვაერთიანებს, ქართული, გნებავთ თბილისური რეალობაა. ეს რეალობა როენას ლეგენდალურ ბორდელს გულისხმობს, როგორც მარადიულ სევდანარევ ტკბობას, განფენილს იპოდრომიდან ვიდრე გლდანის მინდვრებამდე.

კომენტარები