განიყვეს სავარძელი მისი

საქართველოს აღმასრულებელ სისტემაში სტრუქტურული ცვლილებები გრძელდება. გასულ კვირას კიდევ ერთი – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაშლა-რეორგანიზაციის შესახებ გახდა ცნობილი. უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ეს მთავრობის სტრუქტურული ცვლილების უკვე მეორე შემთხვევაა. თუ 2010 წლის ივნისში მთავრობას გაუგებარი მოტივით ახალი სამინისტრო დაემატა, ახლა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო სამ ნაწილად გადანაწილდა. ამასთან, შესაკრებთა გადანაცვლებას მინისტრების რაოდენობის ცვლილება არ გამოუწვევია. ქვეყანაში ისევ 20 მინისტრი დარჩება, თუმცა თუ დღემდე 17 – პორტფელიანი იყო და 3 – უპორტფელო, ახლა ერთს პორტფელი და სამინისტროს 2 ათას კაციანი შემადგენლობა ჩამოართვეს. გარემოს დაცვის სამინისტრო და მისი ხელმძღვანელი ბოლო პერიოდში, ძირითადად, სისტემაში კორუფციული ფაქტების მხილების კონტექსტში ჩნდებოდა ტელეეკრანებზე. ეს სტატისტიკა სამინისტროს სტრუქტურაში რეალურად არსებულ პრობლემებზეც გვამცნობდა. ამით დადასტურდა მოსაზრება იმის შესახებაც, რომ ხშირად გარემოს დაცვის დროშისა და ამ მიზნით შექმნილი სტრუქტურებისა და რეგულაციების უკან, გარემოზე ზრუნვაზე მეტად კორუფციული საფრთხეები იმალება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ამ საფრთხეების აღმოფხვრისკენ მიმართული რეფორმები სამინისტროში პრაქტიკულად არ განხორციელებულა.

გეგმა, რომელიც საზოგადოებას პრემიერმა ნიკა გილაურმა გააცნო, პრობლემური სამინისტროს გაუქმებას ისახავს მიზნად. თუმცა, ამის პარალელურად, სხვადასხვა ქუდის ქვეშ ფაქტობრივად ნარჩუნდება სამინისტროს ქვეუწყებები, რომელთაც ანალოგიური სისტემური პრობლემები აქვთ. მეორე მხრივ, ერთ სამინისტროში აკუმულირებული, ბუნებრივი რესურსების მართვასა და გარემოს დაცვის ფუნქციებს შორის არსებული ფაქტობრივი ინტერესთა კონფლიქტი, ამ ცვლილებებით აღმოიფხვრება – როცა ერთის მიზანი მოგების მიღებაა, მეორესი კი იმის კონტროლი, რომ მოგებისკენ სწრაფვამ ბუნებას გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს.  რეორგანიზაციის გეგმის თანახმად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებებსა და მოვალეობებს არსებული სამინისტროები და ახლად შექმნილი გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური საკითხების სახელმწიფო მინისტრის აპარატი გადაინაწილებს. ეკონომიკის სამინისტროს დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი შეუერთდება. ენერგეტიკის სამინისტრო იკისრებს ბუნებრივი რესურსებისა და ლიცენზირების საკითხების მართვას – მათ შორის ლიცენზირების აუქციონების მოწყობის ფუნქციასაც, რომელსაც ამჟამად ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს.

 შინაგან საქმეთა სამინისტრო გარემოს დაცვის ინსპექციის დეპარტამენტს გადაიბარებს.

რეორგანიზაციის გეგმის გაცნობის პარალელურად, პერსონალურ საკითხზე კომენტარიარ გაკეთებულა – შეინარჩუნებს თუ არა ამჯერად სახელმწიფო მინისტრის პოსტს გოგა ხაჩიძე.

ტაბულას მცდელობა, 2004 წლის შემდეგ საქართველოს მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაციისა თუ საკადრო ცვლილებებისთვის თვალი მიედევნებინა, თავბრუსხვევით დასრულდა. საბოლოოდ კი გამოიკვეთა, რომ მინისტრთა რაოდენობა ბოლო 6 წელიწადში 19-დან 20-მდეა გაზრდილი. არადა ისტორია ცხადყოფს, რომ მეტი ბიუროკრატია უფრო ეფექტიან მმართველობას სულაც არ ნიშნავს. აშშ-ის პირველ პრეზიდენტს კაბინეტში ვიცე-პრეზიდენტთან ერთად სულ  4 წევრი ჰყავდა – სახელმწიფო მდივანი, ფინანსთა და ომის (სამხედრო) მინისტრები და გენერალური პროკურორი. ამ გუნდმა დაშლილ-დანაკუწებული ქვეყნის მსოფლიოს პირველ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ქცევა შეძლო.


კომენტარები