ბოდიში, თქვენ გელით სტაგფლაცია

იანვრის ბოლოს, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსახლეობას ტვირთად აწვება, კიდევ უფრო საშიში მთავრობის პოზიციაა, რომლის მიხედვით, ინფლაცია 90%-ით საგარეო ფაქტორებმა გამოიწვია. სავარაუდოა, რომ ხელისუფლება ინფლაციის დონის შესამცირებლად რადიკალურ ზომებს არ გაატარებს – მეტიც, იგივე ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას გააგრძელებს, რამაც 12.3%-იან ინფლაციამდე მიგვიყვანა.

ინფლაციას რომ ჭარბი ფულის მასა იწვევს, მსოფლიოს გავლენიანი ეკონომისტები ამაზე თითქმის აღარ კამათობენ. დავის საგნად რჩება ახალისებს თუ არა დასაქმებას ინფლაციის გარკვეული დონე, რა უფრო ეფექტიანია, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკით ეკონომიკის სტიმულირება, რომელსაც ინფლაცია მოჰყვება, თუ დაბალანსებული ფასები და კონსერვატიული ეკონომიკური პოლიტიკა. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ ამ თემებზე კამათის ეტაპამდე არ მივსულვართ. ამის მიზეზი ისაა, რომ ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე ეკონომიკურ თეორიაში ფართოდ მიღებულ აზრსა და საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის პოზიციას შორის კონსენსუსს ვერ ვაღწევთ.

განვითარებად ქვეყნებში დაბალი დონის (3-5%-იან) ინფლაციაზე აზრი ორად არის გაყოფილი. ეკონომისტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სწრაფად მზარდი ეკონომიკისთვის დაბალი ინფლაცია საჭირო ან გარდაუვალია და მის მოთოკვას ეკონომიკური ზრდა არ უნდა შევწიროთ. მაგრამ როდესაც ინფლაცია 5-6%-ის ზემოთ ადის, ეს უკვე ის სიდიდეა, რომელიც ეკონომიკურ ზრდას დააზარალებს. ამ დროს ჩნდება ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მოშლის საფრთხე, მცირდება დანაზოგები. ძირითადი მაჩვენებლები, როგორიცაა მომავალი ფასების დონე, ვალუტის კურსი და საპროცენტო განაკვეთები, რთულად პროგნოზირებადი ხდება. ინვესტორს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო სჭირდება, განსაკუთრებით მას, ვინც საქართველოში დიდი კაპიტალის ჩადებას აპირებს და მოგებას გრძელვადიან პერიოდში მოელის.

  ყველაფერი აქ არ სრულდება. მაღალმა ინფლაციამ და ხელისუფლებისგან ინფლაციის მასტიმულირებელი პოლიტიკის გაგრძელებამ, შესაძლოა, სტაგფლაციამდე მიგვიყვანოს. სტაგფლაცია აერთიანებს ორ ტერმინს – ინფლაციას და სტაგნაციას. სტაგნაცია არის მდგომარეობა, როცა ქვეყანაში მცირდება დასაქმება და წარმოება. სტაგფლაციის დროს იზრდება ფასები და უმუშევრობა. სტაგნაცია რეცესიაზე მტკივნეული მოვლენაა, რადგან რეცესიის დროს ფასები კლებულობს.

ტერმინი “სტაგფლაცია” მე-20 საუკუნის 70-იან წლებში გაჩნდა, როცა სანავთობო შოკების გამო ნავთობის ფასის ზრდამ გამოიწვია პროდუქციის წარმოების შემცირება და ამავე დროს ფასების ზრდა. კეინსიანური თეორიის ერთ-ერთ დასკვნა, რომ ინფლაცია და უმუშევრობა უკუდამოკიდებულებაში არიან ერთმანეთთან, ამ შემთხვევაში არ გამართლდა.

“მიწოდების ფრთის” წარმომადგენელი ეკონომისტები 70-იანი წლების სტაგფლაციას, 1971 წელს ოქროს სტანდარტის გაუქმებით და ქვეყნების უმრავლესობის ცენტრალური ბანკის სისტემაზე გადასვლით ხსნიან. მათი აზრით, სტაგფლაციის მიზეზი (ისევე როგორც ინფლაციის) მთავრობის მიერ მოთხოვნის სტიმულირებაშია და არა მიწოდების მხრიდან წარმოქმნილ შოკებში. ეს აზრი 2008 წელს მსოფლიოში დაწყებულმა ფინანსურმა კრიზისმა გაამყარა. 2008 წლის ივნისისათვის, 2006 წელთან შედარებით, ნავთობის ფასი 3-ჯერ გაიზარდა, მაგრამ რეცესიის და ზოგ ქვეყანაში სტაგფლაციის გამომწვევ მრავალ მიზეზს შორის ნავთობის ფასი არ სახელდება. პირიქით, ნავთობის ფასის ძალიან სწრაფი ზრდა მონეტარული ექსპანსიით შექმნილმა ფინანსურმა ბუშტმა გამოიწვია.

საქართველოში 2009 წელს სწორედ სტაგფლაცია აღინიშნა. წარმოება 4 პროცენტით შემცირდა, ხოლო ფასები გაიზარდა 3 პროცენტით. შესაბამისად, გაიზარდა უმუშევრობაც, 2008 წლის 16.5%-დან 2009 წლის 16.9%-მდე. ამავე წელს, სტაგფლაცია იყო აშშ-ში, ბრიტანეთში, ბულგარეთში, დანიაში, ფინეთში, საბერძნეთში, შვედეთში, ისლანდიაში, ლიტვაში, რუსეთში, თურქეთში, უკრაინაში, სომხეთსა და სხვა ქვეყნებში. სტაგფლაციის გამომწვევი მიზეზი ეკონომიკური კრიზისის დაძლევის მიზნით განხორციელებული ფისკალური და მონეტარული ექსპანსია გახდა.

დღეისათვის საქართველო კვლავ უახლოვდება იმ ზღვარს, სადაც მთავრობის მასტიმულირებელ ეკონომიკურ პოლიტიკას შესაძლებლობები ეწურება. როდესაც ბიუჯეტის დეფიციტით (ფისკალური ექსპანსია) ან ჭარბი ფულის ბეჭდვით (მონეტარული ექსპანსია) სტიმულირება იწყება, მას ყოველთვის მოკლევადიანი (1 ან 2 წლის) დადებითი ეფექტი აქვს ეკონომიკის ზრდაზე. გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდისთვის საჭიროა ინვესტიციების მდგრადი ტემპით ზრდა ანუ ქვეყნის ეკონომიკის პოტენციალის ზრდა, რომ  უფრო მეტი საქონელი აწარმოოს.

ფულის ბეჭდვის პროცესის განმავლობაში (ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსება იქნება თუ სხვა მონეტარული ინსტრუმენტი) ხელოვნურად სტიმულირებულ მოთხოვნას ეკონომიკის გარკვეული დონის ზრდამდე მივყავართ. ამასთან ერთად, შედეგად ვიღებთ მაღალ ინფლაციას, რის გამოც ადამიანების რეალური ხელფასი, დივიდენდზე შემოსავალი, ვაჭრობიდან ამონაგები და სხვა სახის შემოსავლები მცირდება. შესაბამისად, ყველა საკუთარი შემოსავლის ზრდაზე ზრუნვას იწყებს, ბიზნესი იძულებულია დასაქმებულებს ხელფასი გაუზარდოს, დეპოზიტორი ანაბრებზე მეტ პროცენტს ითხოვს – პროცენტი იზრდება სესხებზეც, მოგებაზე დამოკიდებული ფიზიკური და იურიდიული პირები ზრდიან მოგების ნორმას, რადგან ინფლაცია ამცირებს რეალურ მოგებას. ყოველივე ამის შედეგად ეკონომიკა იწყებს უკუსვლას. ის უბრუნდება პოტენციურ დონეს – რა რაოდენობის პროდუქტის წარმოებაც შეუძლია ქვეყნის ეკონომიკას არსებული კაპიტალით. რეალური შემოსავლის მატებისთვის გაზრდილი ხელფასები და სარგებლის განაკვეთი კიდევ უფრო ზრდის ფასების დონეს.

მოთხოვნის სტიმულირებით დროებით მიღწეული წარმოების დონიდან უკუსვლა, რომელსაც თან ახლავს ფასების ზრდა, სტაგფლაციური პროცესია.

საქართველოს სტაგფლაციური პროცესების განვითარების საფრთხისგან ვერც ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება, ვერც კარტოფილზე და სხვა ცალკეულ პროდუქტზე მსოფლიო ფასის კლება და ვერც ტურისტების მიერ საქართველოში დიეტის დაცვა იხსნის (ხელისუფლებისგან ძირითადად ეს 3 მიზეზი სახელდება).

მაღალი ინფლაციის დასაძლევად, პირველი ნაბიჯი ფასების ზრდის რეალური მიზეზების აღმოფხვრა უნდა იყოს – ბიუჯეტის დეფიციტისა და ფულის მასის შემცირება და ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობა. იმპორტის შეზღუდვა, სოფლის მეურნეობის სუბსიდირება, ფასების და მოგების ნორმის კონტროლი, სოციალური დახმარებების ზრდა სტაგფლაციური ხაფანგისკენ მიმავალი გზაა. ასეთ „ანტიინფლაციურ” ქმედებებს უმოქმედობა სჯობია.

კომენტარები