ნაბიჯი „ყოვლისშემძლე სახელმწიფოსკენ”

2011 წლიდან საქართველოში მსხვილი უძრავი ქონების მფლობელთა მისამართებზე, წერილობითი შეტყობინება მივიდა – მათ სახელმწიფომ ახალი რეგულაცია დაუწესა. გადაწყვეტილება ნებისმიერი მასშტაბის იურიდიულ პირს, მათ შორის მიკრო და მცირე ბიზნესსაც ეხება.

შეტყობინება გვაუწყებს, რომ “საჯარო რეესტრის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2010 წლის 7 დეკემბრიდან მოყოლებული, კომპანიები (მათ შორის იგულისხმება ბანკებიც) ვალდებულნი არიან საჯარო რეესტრში დაარეგისტრირონ მათი მონაწილეობით დადებული ქირავნობის, ქვექირავნობის, იჯარის, ქვეიჯარის, თხოვების, უზუფრუქტის, სერვიტუტის, უძრავ ნივთზე ლიზინგის და უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები, ასევე – ცვლილებები ამ ხელშეკრულებებში. ამასთან, ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომელთაც ზემოთქმული უფლებები წარმოეშვათ ამ კანონის ამოქმედებამდე, ვალდებულნი არიან 2011 წლის 1 აპრილამდე ამ უფლებათა რეგისტრაცია განახორციელონ. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული უფლებები შეწყდება. ცხადია, გადაწყვეტილება იმ ფიზიკურ პირებსაც ეხება, რომელთაც ამ იურიდიულ პირებთან  ხელშეკრულებები აქვთ დადებული. გადაწყვეტილების პარალელურად, 2011 წლიდან ამოქმედდა საგადასახადო კოდექსის ახალი ნორმები, რომელთა თანახმადაც ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების გაქირავება 12-ის ნაცვლად, 20-პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადით იბეგრება. 

საჯარო რეესტრის შესახებ კანონში ცვლილებები, ოფიციალური ვერსიით, აღრიცხვის გაუმჯობესების მიზნით არის მიღებული. ინიციატორი პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტია. ამ გზით მარტივად ხელმისაწვდომი ხდება საწარმოთა ფაქტობრივი მისამართების შესახებ ინფორმაცია, რაც იურიდიული პირების რეალურად მოძიებას გაამარტივებს. შეიქმნება უძრავი ქონების ხელშეკრულებათა სრულფასოვანი საინფორმაციო ბაზა. გადაწყვეტილება, ცხადია, გადასახადების ადმინისტრირების გაუმჯობესებასაც ისახავს მიზნად. ამას გარდა, 10-ლარიანი მოსაკრებელი და შემჭიდროებული ვადები, რომელშიც ხელშეკრულებების რეგისტრაცია მოხდება,  ინიციატორთა აზრით, ქონებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების ხელმომწერებს განსაკუთრებულ ტვირთად არ დააწვებათ.

აქვე უნდა ითქვას, რომ იურიდიული პირები, რომელთაც ზემოთ ნახსენებ რომელიმე უფლებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული, ნაკისრი გადასახდელების დეკლარირებას საგადასახადო სტრუქტურების წინაშე ისედაც ახდენდნენ.

ამ პირობებში ხელისუფლების მიერ დამატებითი რეგულაციის შემოღება, ექსპერტ ზურაბ ჯაფარიძის აზრით, აფართოებს ორ მხარეს შორის ჩატარებული იმ ნებაყოფლობითი ოპერაციების არეალს, რომლებშიც სახელმწიფო ერევა. ეს შესაბამისად მოქალაქეებისთვის გააძვირებს ასეთი ოპერაციების შესრულებას. გარდა ამისა, ხელოვნურად ხდება სახელმწიფო შემოსავლების მიღების წყაროს შექმნა, რადგან საჯარო რეესტრში რეგისტრაცია საჭიროებს შესაბამისი მოსაკრებლის გადახდას. ეს ყველაფერი კი კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება „ყოვლისშემძლე სახელმწიფოსკენ”, როდესაც ბიუროკრატია აკონტროლებს ადამიანთა ურთიერთობის ყველა ასპექტს, რაც ლიბერალური სახელმწიფოს მშენებლობის დეკლარირებულ მიზანს აშკარად ეწინააღმდეგება.  

კომენტარები