ეგვიპტის ქუჩებში ათასობით ადამიანი ჰოსნი მუბარაქის გადადგომას ზეიმობს

 უპრეცედენტო საპროტესტო აქციების მეთვრამეტე დღეს ეგვიპტის პრეზიდენტი, ჰოსნი მუბარაქი თანამდებობიდან გადადგა. 82 წლის ლიდერის გადადგომის შესახებ მოკლე სატელევიზიო განცხადება ახლადდანიშნულმა ვიცე პრეზიდენტმა, ომარ სულეიმანმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. „ეგვიპტის პრეზიდენტმა გადადგომა ქვეყნის კეთილდღეობის გამო გადაწყვიტა,“ აღნიშნა სულეიმანმა. მისი თქმით, ხელისუფლება მუბარაქმა უმაღლეს სამხედრო საბჭოს გადასცა.

ვიცე პრეზიდენტის გამოსვლას ეგვიპტის დედაქლაქის ცენტრში ტაჰრირის მოედანზე შეკრებილი ათასობით დემონსტრანტი ხმამაღალი შეძახილებით შეხვდა. „ეგვიპტე თავისუფალია“, სკანდირებენ აქციის მონაწილეები. „ეს უდიდესი დღეა ჩემს ცხოვრებაში. ქვეყანა გათავისუფლდა,“ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეგვიპტის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა მშვიდობის დარგში მუჰამედ ელ-ბარადეიმ.

ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს არეულობებს ეგვიპტეში 297 ადამიანი ემსხვერპლა. ჰოსნი მუბარაქი ქვეყანას ბოლო 30 წლის მანძილზე მართავდა. 

კომენტარები