პატრიარქმა დაადასტურა, რომ ”ახლო მომავალში” აფხაზეთს ეწვევა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ტელეკომპანია BBC-ს რუსულ სამსახურთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ  აპირებს ”ახლო მომავალში” აფხაზეთს ეწვიოს. ”მე 11 წლის მანძილზე ვიყავი ცხუმ- აფხაზეთის მიტროპოლიტი და ჩემთვის ეს ეპარქია ახლოა. მე კარგად ვიცნობ აფხაზ ხალხს და ახლო მომავალში უნდა ვეწვიო აფხაზეთს, როგორც ამ ეპარქიის ხელმძღვანელი,” განაცხადა ილია მეორემ, რომელიც გასული დეკემბრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტად იწოდება. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე და რომ ამას ”რუსული ეკლესიაც აღიარებს.”

პატრიარქმა განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისთვის ”ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს” დამოკიდებულებას რუსულსა და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის. ”მე ვფიქრობ, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი და რუსული მართლმადიდებლური ეკლესია დაგვეხმარება ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის პრობლემის დარეგულირებაში, მე არაერთხელ მითქვამს რუსული ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის: ”რად გინდათ აფხაზეთი ან ცხინვალის რეგიონი თუ დაკარგავთ მეგობრობას საქართველოსთან,” განაცხადა ილია მეორემ ”საქართველო კარგად აცნობიერებს, რომ რუსეთი დიდი სახელმწიფოა, მაგრამ, ამავე დროს, რუსეთი მხარს უჭერს სეპარატიზმს, მაშინ, როცა ის თავის ქვეყანაში სეპარატიზმს ებრძვის,” დასძინა მან.

დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დედოფალ ელისაბედ მეორეს შეხვდა. ”დედოფალმა თქვა, რომ ძნელია იყო დიდი ქვეყნის მეზობელი,” აღნიშნა ილია მეორემ BBC-სთან საუბარში. 

კომენტარები