ნიკა რურუა: ინფორმაცია რუსული სიმღერების აკრძალვის შესახებ „სრული სისულელეა“

 კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ნიკა რურუამ ქართულ რესტორნებში რუსული სიმღერების შესრულების აკრძალვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. მისი თქმით ეს ცნობა „უფრო მითოლოგიზირებულია“, ვიდრე რეალური და განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაცია „სრული სისულელეა.“ „როგორ შეიძლება თავისუფალ ქვეყანაში სიმღერები შესრულების ენის მიხედვით გაირჩეს? კანონში ამის შესახებ არანაირი აკრძალვა არ არის გათვალისწინებული,“ განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრმა. თუმცა დასძინა: „დიდი სიამოვნებით არ მოვუსმენდი „დენ პობედის“ 9 მაისს.“

ინფორმაცია, თითქოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი ცხაკაიამ თბილისში არსებული რესტორნების მფლობელები დაიბარა და რესტორნებში რუსული სიმღერების შესრულებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა, ქართულ და რუსულ მედიაში გასულ კვირას გავრცელდა. თავად ცხაკაიამ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. „ყველა ნორმალური ადამიანი მიხვდებოდა, რომ ეს აბსურდია,“ აღნიშნა მან. 

კომენტარები