ომბუდსმენმა ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის დარბევა დაგმო

სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მდებარე ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის დარბევის გამო შეშფოთება გამოთქვა. „28 იანვარს მომხდარი ფაქტი და მასში მოზარდების მონაწილეობა შემაშფოთებელია,“ ნათქვამია ომბუდსმენის სპეციალურ განცხადებაში „როდესაც შეუწყნარებლობა ამ ასაკის ბავშვებში ასე მძაფრად ვლინდება და ვანდალური ქმედებების ხასიათს იღებს, გაცილებით სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს მთლიანად საზოგადოების, სასწავლო დაწესებულებებისა და ზოგადად სახელმწიფოს მიერ,“ აღნიშნა ტუღუშმა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ აუცილებელია პრევენციული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, მოზარდებში ტოლერანტობის კულტურის გასაღრმავებლად საფუძვლიანი საგანმანათლებლო სამუშაოების ჩატარება.

სოფელ ახალსოფლის ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესია ბოლო სამი თვის მანძილზე მეორეჯერ დაარბიეს. შემთხვევა პირველად 19 ნოემბერს, ხოლო მეორედ 28 იანვარს მოხდა. სოფლის ეკლესია საქველმოქმედო ორგანიზაცია ”ბეთელის” შენობაში მოქმედებს, აქვე მოზარდებისთვის საკვირაო სკოლაც ფუნქციონირებს. რამდენიმე დღის წინ ეკლესიაში მისულ მრევლს საეკლესიო ნივთები  გადმოყრილი დახვდა, ხოლო მოსწავლეების ნახატები დაზიანებული. მრევლის გაოცება იმანაც გამოიწვია, რომ დამნაშავეებმა მხოლოდ საბავშვო ფლომასტერები წაიღეს.

ბაპტისტურმა თემმა პოლიციას პირველი დარბევის შემდეგ მიმართა. ”საქმის აღძვრისთანავე ჩემთან მშობელმა მოიყვანა სამი არასრულწლოვანი და მათ ბოდიში მოიხადეს,” განაცხადა ტაბულასთან საუბარში ადგილობრივი თემის პასტორმა, დიაკონესელთა ორდენის წევრმა მარიკა ცხადაძემ. თუმცა აქვე დასძინა, რომ არასრულწლოვანები მხოლოდ მეორე დარბევაში მონაწილეობას ადასტურებენ. პირველ შემთხვევაზე კი გამოძიება გრძელდება. სავარაუდოდ, ინციდენტის მონაწილეები ამ შემთხვევაშიც არასრულწლოვანები არიან.

სახალხო დამცველის განცხადებით, „რელიგიურ ნიადაგზე განხორციელებული სიძულვილით მოტივირებული ქმედებები ლახავს თითოეული ჩვენგანის ღირსებას, საფრთხეს უქმნის თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული საზოგადოებისა და დემოკრატიულ ღირებულებათა განვითარებას. გიორგი ტუღუშმა სამართალდამცველებს მსგავსი ფაქტების მიმართ მეტი ყურადღების დათმობისკენ მოუწოდა. 

კომენტარები